ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო „საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების, უსამართლო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისის, მზარდი რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“.
რეზოლუცია გმობს ქვეყანაში მასიურ რეპრესიებს და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საზღვარგარეთ მცხოვრებ ასიათასობით მოქალაქეს არ მიეცა მონაწილეობის საშუალება, ხოლო მათ, ვინც ხმა მისცეს, დარღვეული ჰქონდათ ხმის მიცემისას ფარულობის უფლება და არჩევნებს თან ახლდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და მუქარა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ვინაიდან 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა, ეს ეჭვებს ბადებს სახელმწიფოს ამჟამინდელი წარმომადგენლების – პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობაზე, ისევე როგორც ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მას შემდეგ იქნა მიღებული.
როგორც რეზოლუციაში აღნიშნული, საქართველოში ღრმა კრიზისი ვერ გადაიჭრება ოპოზიციურ ძალებთან ახალ არჩევნებზე დაუყოვნებლივ მოლაპარაკების დაწყების და ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის გარეშე, ვინც მონაწილეობდა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში.
რეზოლუცია ამბობს, რომ „მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობაში ეჭვის გათვალისწინებით, კონსტიტუციური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ნეიტრალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ხელისუფლების მკაცრი ზედამხედველობითა და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, რაც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ“.
ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი რეკომენდაციას უწევს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას:
1. მოითხოვოს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გამოსავლად საქართველოში დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და შესაბამისად იმოქმედოს ევროკავშირის, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სხვა ინსტიტუტების ფარგლებში;
2. მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ გამოძიების და დევნის შეწყვეტა, შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენა და არადემოკრატიული კანონების გაუქმება, რომლებიც გავლენას ახდენს მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სიტყვის თავისუფლებასა და საჯარო მოხელეებზე;
3. მოითხოვოს პოლიციის, სასამართლოების და პროკურატურის მიერ კანონდარღვევის ყველა საქმის გამოძიება;
4. მნიშვნელოვნად შეავსოს და გააფართოოს ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ ინდივიდუალური სანქციებს დაქვემდებარებულ პირთა სია რეპრესიებში მონაწილეობისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდებისთვის, მათ შორის პოლიციელების, პროკურორების და მოსამართლეების, აგრეთვე პროპაგანდისტების, ეროვნული მაუწყებლების ან ბიზნესმენების, რომლებიც ეხმარებიან მმართველ პარტიას სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაში;
5. სანქციები გაავრცელოს პროპაგანდისტული მედია საშუალებების მფლობელებსა და წარმომადგენლებზე და ასევე ინტერნეტში პროპაგანდისტული შინაარსის შემქმნელების მიმართ;
6. სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს დამკვირვებლების დასწრება მიმდინარე პოლიტიზებულ სასამართლო პროცესებზე;
7.შეცვალოს განვითარების თანამშრომლობის პარამეტრები, პრიორიტეტი მიანიჭოს არასამთავრობო ორგანიზაციებს სამთავრობო პარტნიორებთან შედარებით;
8. მნიშვნელოვნად გაზარდოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტის მიღებას წინ უძღოდა სენატორ პაველ ფიშერის, ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩის თეა მაისურაძის, ევროპის დეპარტამენტის დირექტორის იაკუბ კარფიკის გამოსვლები და დებატები.
ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველო ჩეხეთის დიპლომატიური ძალისხმევის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომელმაც სამაგალითო წარმატებებს მიაღწია მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გარდაქმნაში.
რეზოლუცია ასევე რეკომენდაციას უწევს ჩეხეთის სენატს სტუმრად მიიწვიოს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
წყარო: ბათუმელები