საცურაო აუზების ქიმიკატების ქარხანაში გაჩენილი ხანძარი 5 ქალაქში კარანტინის გამოცხადების მიზეზი გახდა. შემთხვევა ესპანეთში, კატალონიაში მოხდა. ინფორმაციას euronews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი შაბათს საცურაო აუზების საწმენდი საშუალებების სპეციალიზებულ კომპანია „კლიმ უოტერპულში“ გაჩნდა. ხანძრის დროს შენობაში დაახლოებით 70 ტონა ქლორი იყო განთავსებული, რაც წვის დროს ძლიერ ტოქსიკურ ნივთიერებას წარმოადგენს. ხანძრის შედეგად ტოქსიკური ღრუბელი წარმოიქმნა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შაბათს შუადღისთვის კარანტინის ბრძანებები მოიხსნა. თუმცა, დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს ამ ეტაპზე მაინც ურჩევენ სახლში დარჩენას.
ჯანდაცვის უწყება ურჩევს ყველას, ვინც განიცდის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა თვალის გაღიზიანება, სუნთქვის გაძნელება ან ზოგადი დისკომფორტი, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.






























































