გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი, სიმონ ჯანაშია – სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჩამოთვალა რამდენიმე ადამიანი, ვისზეც „მოკვლევაა საჭირო“ და „სანამ დაიბარებენ“, მათ კომისიაში ნებაყოფლობით სტუმრობისკენ მოუწოდა.
„იმ გვარებს და სახელებს, ვინც ჩამოვთვალე, სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ თავად მობრძანდნენ. მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე ჩვენ მათ მოვუსმენთ, თუ უკვე ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან არ არის გაქცეული“, – განაცხადა წულუკიანმა.
„ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, 4 ივნისს, კომისიის მორიგი სხდომის დასასრულს.
მან ასევე განაცხადა: „ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს ვინც, აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება“.
„მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა“, – თქვა თეა წულუკიანმა.
მისი თქმითვე, კომისიის მუშაობა 5 ივლისს დასრულდება, დარჩენილ პერიოდში კი სხდომები გაიმართება კვირის განმავლობაში მხოლოდ ორშაბათობით და ოთხშაბათობით.
ეს სახელები წულუკიანმა დაასახელა მას შემდეგ, რაც კომისიაზე მოისმინეს ის, რასაც უწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს „საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის“ ფაქტები.
წულუკიანის განცხადებით, „ყველა ამ ადამიანმა“, – [მოძრაობა] „კმარას“ „ორგანიზაციის ხალხმა“, – „თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში“.
წყარო: რადიო თავისუფლება




































































