რუსეთ-უკრაინის ომის 1 245 დღეს ფრონტის ხაზზე ოპერატიული მდგომარეობა კვლავ დაძაბულია – რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მცირერიცხოვანი მოიერიშე ჯგუფებით მრავლობით შეტევებს, ხოლო უკრაინის დამცველებს ისევ მათი მუდმივი მოგერიება უწევთ…
მართალია, პუტინის აგრესორი არმია ვეღარ ახდენს ერთ შეტევაში კილომეტრებზე წინ გაჭრას, როგორც ეს ომის დასაწყის ეტაპზე ხდებოდა, მაგრამ ყოველდღიურად მაინც წინ მიიწევს და იპყრობს უკრაინის მიწის რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს…
ამასთან რუსი ოკუპანტები განიცდიან ძალიან დიდ მსხვერპლს, რადგან იერიშებზე, ძირითადად, მოტოციკლებითა და ელექტროველოსიპედებით გადადიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიუახლოვდნენ უკრაინელების თავდაცვის ზღუდეს და ვინც გადაურჩება უკრაინელების ცეცხლს, ჩასანგრდებიან, დაელოდებიან ახალი მოიერიშე ჯგუფებიდან გადარჩენილებს და მერე გაერთიანებული ძალებთ ისევ შეტევაზე გადადიან…
რუსეთის არმიის ასეთი ტაქტიკა ძალიან დიდ დანაკარგს იწვევს მათ რიგებში, დაჭრილებისა და დაღუპულების სახით და ასე ბრძოლა მთელ მსოფლიოში ეტყობა მხოლოდ რუსებსა და ჩრდილო-კორეელებს თუ შეუძლიათ, რადგან ნორმალური ქვეყნების გენერლები თავის ჯარისკაცებს მეტ-ნაკლებად მაინც უფრთხილდებიან.
მაგრამ ძალზე მზარდი საბრძოლო დანაკლისი, როგორც სამხედრო ტექნიკაში, ისე – პირად შემადგენლობაში, რუსეთის გენერალიტეტსაც აიძულებს, შეცვალოს უკრაინული ქალაქების დაპყრობის სქემა და პირდაპირ, შუბლა იერიშებზე აღარ გადავიდეს, როგორც ამას ომის დასაწყისში აკეთებდა.
უკრაინული დასახლებული პუნქტების ფლანგებიდან შემოვლა, მათი ნახევრად ალყაში მოქცევა და დალოდება – თუკი უკრაინელი სამხედროები ალყის შეკვრის შიშით უკან დაიხევენ, რუსი ოკუპანტები ამ სოფლებსა და ქალაქებს შედარებით ნაკლები ბრძოლებით დაიპყრობენ, ხოლო თუკი უკრაინის დამცველები გაჯიუტდებიან და ბოლომდე დარჩებიან ქალაქის დაცვაში, პუტინის არმია ნახევრად ალყის სრულ ალყად გადაქცევას და „ტომარისთვის“ ყელის შეკვრას შეეცდება, რაც უკრაინისთვის, სამწუხაროდ, უკვე არა ერთხელ მომხდარა…































































