“ბათუმელების” ინფორმაციით, დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თქვა, რომ მისთვის პროკურატურის მიერ გაჟღერებული საპროცესო შეთანხმება მიუღებელია.
„იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, საპროცესო გარიგება, ბევრისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა… დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხარდა.
ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია უკვე გაახმოვანეს. არა, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. რა სამართალია, ეს არ ვიცი.
ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი,“ – თქვა მზია ამაღლობელმა.































































