“რადიო თავისუფლების” ცნობით, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლობისთვის“, რომელიც დასრულდა და საქმე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს გადაეცა.
მას ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) დაუსწრებლად წაუყენეს.
რუსეთის პროკურატურის თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში.
ე.წ. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.





























































