ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ერთ–ერთ მთავარ პრობლემად მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები რჩება. ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ეს პრობლემა მეტ–ნაკლებად მოგვარებულია, თუმცა, სოფლებში ასე არაა. აქ, უმეტეს შემთხვევაში, ან საერთოდ არ არსებობს სანიაღვრეები, ან თუ არის, იმდენად მოუწესრიგებელი და ამორტიზებულია, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში, მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის.
ასეა, მაგალითად, სოფელ ნიგოითში, ილო გოგეშვილის შემთხვევაში _ აღნიშნული პიროვნების ეზო-კარს გვერდით საკმაოდ მოზრდილი სანიაღვრე არხი ჩამოუდის, რომელიც შემდეგ საყანე ფართობებში გადის. თუმცა, არხი წლებია გაუწმენდავია, წყალს ვეღარ ატარებს და უხვი ნალექის დროს გოგეშვილების საკარმიდამო ნაკვეთს ტბორავს, წყალი სახლშიც კი შედის.
“რამდენს გაწვიმდება, წყალი ეზოში შემოდის. ყველაფერს ტბორავს _ ბოსტანსაც და საქონლის სადგომსაც. რამდენჯერ დავსვი საკითხი, რომ გასაწმენდი იყო ეს არხი, მაგრამ ყურადღება ნული. ა, აგი გამიკეთა ამ მთავრობამ, რომელსაც 2012 წელს, ორ ოპერაცია გადატანილი კაცი ძაღლივით ერთგულად დავდევდი. მაშინ აქ თემურ ჩხაიძესთან შეხვედრა რომ იყო, 15 კაცი მივიდა და ამ 15 კაცში ოთხი ჩემი ოჯახის წევრი იყო. ახლა კი ასე მიგდებენ, რა უნდათ, არ ვიცი. ქუჩის მეორე მხარეს ყველაფერს აკეთებენ, არხიც გაწმინდეს, გაიყვანეს, აქეთ თითსაც არაფერს აკარებენ“, _ გვიყვება ილო გოგეშვილი, რომლის პრობლემის თაობაზე “გურია ნიუსი”, დაახლოებით, ორი წლის წინაც წერდა.
პრობლემის მოგვარების აუცილებლობას მაშინ ჩვენთან საუბარში სოფლის მაჟორიტარი, ზაზა წულაძეც ადასტურებდა, თუმცა, ირკვევა, რომ საკითხს რეაგირება არ მოჰყოლია და არხი ისევ გაუწმენდავია.
ამჯერად სოფლის რწმუნებულს გიგა დოლიძეს დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, ეს საქმე საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა.
“კი, მართლაც გასაწმენდია. იყო მცდელობა, რომ არხი გაწმენდილიყო, თუმცა, ტექნიკა ვერ შევიდა, საკმაოდ ვიწრო შესასვლელია. სექტემბერში ველოდებით გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს და ვნახოთ, აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს“, _ გვითხრა ნიგოითში მერის წარმომადგენელმა.
ავტორი






























































