ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაბა გომისმთაზე. დაშავებულია 12 ადამიანი, რომელიც ამ წუთებში მკურნალობას გადიან ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში.
„მედალფას“ დირექტორის დათო მდინარაძის თქმით, კლინიკაში 12 ადამიანი გუშინ შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. 12-ივე მათგანს გაეწია სამედიცინო დახმარება.
„მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – გვითხრა დათო მდინარაძემ.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები ტურისტები არიან ბელარუსიიდან.
შსს-ს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმედ დაზიანება გამოიწვია.



































































