“მასწავლებლები მასწავლებლებისთვის- ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად” 25 სექტემბერს 19 საათზე განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება.
“მასწავლებელი ნინო დათაშვილი სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.
ნინოს დაკავება მოჰყვა 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს. მას ედავებიან საჯარო მოსასახურეზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სინამდვილეში, ნინო არავის დასხმია თავს. ის სასამართლოში უკანონო პატიმრების მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად იყო მისული. მას არ მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასამართლოს მანდატურებმა ფიზიკური ძალის უხეში გამოყენებით, უკიდურესად დამამცირებლად და შეურაცხმყოფელად იმოქმედეს მის წინააღმდეგ – ცემეს და პირდაპირი მნიშვნელობით გაათრიეს სასამართლოს შენობიდან. ნინომ თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი, რაც იყო სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური მოქმედება ამ სიტუაციაში. მანდატურების მხრიდან მსგავსი ძალადობა გამოვლინდა არა მხოლოდ ნინო დათაშვილის, არამედ ბევრი სხვა მოქალაქის მიმართაც, რის შედეგადაც არაერთმა მათგანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებაც მიიღო.
პატიმრობის პერიოდში რეჟიმმა ნინოზე ზეწოლა სხვა ფორმითაც სცადა. პროკურატურამ პროცედურების დარღვევით და მისი თანხმობის გარეშე სასამართლოსგან მოითხოვა მისი იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ამ მოქმედების მიზანი ნინოზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მისი გატეხვა იყო.
პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ნინოს გაურთულდა ხერხემლის პრობლემა, რომელიც მას დიდი ხანია აწუხებს. რეჟიმი არ ითვალისწინებს ამ გარემოებას და იმის მიუხედავად რომ არ არსებობს არანაირი ობიექტური მიზეზი, ნინოს კვლავ უკანონო პატიმრობაში ტოვებს.
25 სექტმემბერს, 19 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა ნინოს მიმართ.
მოგიწოდებთ ყველა მასწავლებელს და ნებისმიერ მოქალაქეს მოხვიდეთ ნინოს მხარდასაჭერად.
თავისუფლება ნინო დათაშვილს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”_ წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.






























































