„არ ვმონაწილეობ არჩევნებში და არც მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. შევხვდებით რუსთაველზე,“ – ამ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ბესო ქათამაძე ფეისბუქში ავრცელებს.
„გურია ნიუსი“ ბესო ქათამაძეს დაუკავშირდა და მისგან კომენტარი ჩაწერა.
„ქვეყანა უფრსკულში მიდიოდეს და მე მაჟორიტარად ვიყარო კენჭი ასე არ გამოვა. მე პირველ რიგში მადლობელი ვარ ჩემი ამომრჩეველის, დაბა ნასაკირალის ამომრჩეველმა სამჯერ მომცა მანდატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი რომ ვყოფილიყავი, მათი მადლიერი ვარ. ეს რაც ხდება ახლა საქართველოში არ არის დემოკრატიასთან ახლოსთანაც კი. პირდაპირ მინდა ვთქვა, კრიმინალებთან ერთად ტარდება არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მთლიანად ავცდით ილიას, ექვთიმე თაყაიშვილის, სულხან ორბელიანის და ჩვენი საამაყო წინაპრების გზას. დღეს, მთავარი პროტესტი არის რუსთაველის გამზირზე და სწორედ იქ ვიდგები საქართველოს მომავლის სადარაჯოზე. საქართველოს განვითარების გზა აუცილებლად დაუკავშირდება ევროკავშირის, ეს არის მილიონობით ადამიანის სურვილი და არა ის, რაც „ქართული ოცნება“ გაიძახის ყოველდღიურად“ – გვითხრა ბესო ქათამაძემ.
































































