ოზურგეთის იმ უბნებში, სადაც წყლის მილების ჩადება – გაყვანა მიმდინარეობს, სამუშაოების გამო, ბევრი ქუჩაა გადათხრილი. ამის შესახებ „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს და ადგილზე პასუხი რომ ვერ მიიღო, ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიმართა – ქალაქ ოზურგეთის მკვიდრმა გიორგი მეხუზლამ, სოციალური ქსელის მეშვეობით, წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა.
„გამარჯობათ, ბატონო ირაკლი, გწერთ ოზურგეთიდან, თითქმის ყველა უბნის გზაზე მანქანით გადაადგილება გამოუვალი მდგომარეობაა… სირცხვილია, რომ ეს არავის ადარდებს, პრობლემა, რომელიც თვეებია აწუხებს მთელ ოზურგეთს.. თუმცა, პატრონი არავინ ჩანს, გადათხარეს მთელი ქალაქი და იმის მაგიერ, რომ ორმოები ხრეშით მაინც ამოევსოთ, იმასაც არ კადრულობენ, ისე არიან დარწმუნებული საკუთარ (თავხედობაში). ვართ უპატრონოთ მიტოვებული, საარჩევნოდ ყვირილით და მოწოდებით რომ თქვენ მოგწერდით ნაწილი ორმოებისა (რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბითაა) ძლივს ამოვავსებინეთ, ნაწილობრივ. მოგმართავთ თხოვნით : თუ საერთოდ ვინმეს აინტერესებს ოზურგეთი და ოზურგეთელები, ორმოები მაინც ამოავსონ ხრეშით, ასფალტის დაგებაზე ხომ ზედმეტია საუბარი! იქნებ ვინმემ ჩაგვთვალოს ადამიანებად და დაგვეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებაში.“ – წერია გიორგი მეხუზლას გაგზავნილ წერილში.
„გურია ნიუსმა“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შემდეგი კითხვებით მიმართა: როდის დასრულდება წყალმომარაგების კომპანიის მიერ წამოწყებული პროექტი სოფელ ოზურგეთში და ქალაქ ლანჩხუთში (როგორც ოზურგეთში, ლანჩხუთშიც მიმდინარეობს წყლის პროექტის გახორციელება) ? 2. რომელი კომპანია ასრულებს წყლის მილების ჩადება- გაყვანის და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებს?
3. წყლის მილების გაყვანისას, ქალაქ ოზურგეთში გადაითხარა არაერთი ქუჩა. მოხდება თუ არა პროექტის დასრულებისთანავე ამ ქუჩების მოასფალტება, ასფალტის საფარის დაგება თავიდან?
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანია) განიხილა თქვენი 2025 წლის 16 ოქტომბრის NoCA00412514937642 წერილი (კომპანიაში რეგისტრაციის No1/32511; 16.10.2025წ.), რომელთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ კომპანიასა და შპს ,,გზა”-ს შორის 2023 წლის 25 იანვარს გაფორმდა NoT-012502 ხელშეკრულება (განცხადების ნომრით NoNAT220024833), რომელიც ითვალისწინებს პროგრამა ,,მშენებლობა განვადებით”-ის ფარგლებში „ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი წითელი სხივისა და ნარუჯის უბნების წყალმომარაგების სისტემის, ასევე, დაბა ურეკისათვის 2 ჭაბურღილის მოწყობის პროექტირება – მშენებლობის“ სახელმწიფო შესყიდვას. ასევე, კომპანიასა და შპს ,,საბა”-ს შორის 2022 წლის 06 დეკემბერს გაფორმდა NoT-120602 (განცხადების ნომრით NoNAT220020146) ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამა ,,მშენებლობა განვადებით”-ის ფარგლებში „ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება – მშენებლობის“ სახელმწიფო შესყიდვას. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, მასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია, დანართები, ტენდერის დოკუმენტაცია, ტექნიკური პირობები და ა.შ.) საჯაროა და შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://tenders.procurement.gov.ge/login.php. ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ ორივე პროექტი ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს დაზიანებული გზის საფარის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას”, – აღნიშნულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხში.
როდის მოხდება აღნიშნული პროექტის დასრულება და როდის გადაიჭრება ქალაქ ოზურგეთში არსებული პრობლემები, ამის შესახებ მიღებულ წერილში არაფერია აღნიშნული.
„გურია ნიუსი“ აგრძელებს მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მკითხველს აუცილებლად შესთავაზებს ახალ ინფორმაციას.
ავტორი






























































