ექიმ რამაზ ზოსიაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
შსს მას 6 ნოემბერს გზის გადაკეტვას ედავებოდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
რამაზ ზოსიაშვილის სიტყვას, რომელიც მან სასამართლო პროცესზე თქვა ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს:
„რაც მე ჩავიდინე, ეს იყო სრულიად შეგნებულად გაკეთებული ბევრი გარემოებების გამო, რასაც ვაპროტესტებთ ერთ წელზე მეტია. გუშინ რატომ გადავწყვიტე ეს და მანამდე რატომ არა, იმიტომ, რომ გუშინ იყო ბოლო წვეთი, რამაც გადამაწყვეტინა ასეთი ზომისთვის მიმემართა, ეს იყო ჩემი კოლეგის ქუთაისის საავადმყოფოდან გათავისუფლება, კარდიო-ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლეს ჩემი კოლეგა ნიკა ვაშაყმაძე გაათავისუფლებს იმის გამო, რომ მან გამოხატა ნეგატიური დამოკიდებულება სამინისტროს და ხელისუფლების მისამართით.
მთავარი კი არის ის, რომ მე ბრაზი მაქვს ჩემი ხელისუფლებისადმი, რომ გააცამტვერეს კონსტიტუცია. კონსტიტუცია, რომელიც საფუძველია ჩვენი სახელმწიფოებრიობის უგულებელყვეს. კონკრეტულად 78-ე მუხლი და შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ მუხლი. ეს არის ამ ბრაზის თავი.
იგივე პირბადეების თემა, ამაზე მინდა რომ პაატა იმნაძეს შევხვდე და ნამუსზე შევაგდო ეს კაცი, რომელსაც ევალება ჯანდაცვის დაცვა ამ კანონზე ხმა არ ამოუღია. ამ კანონის არსებობა დანაშაულია.
შეგვიზღუდეს ყველაფერი. დასავლური ცივილიზაცია მედიცინისთვის იკეტება, ის ინტელექტუალური ფანჯარა, რაც გვქონდა დასავლურ და ამერიკულ მედიცინასთან გვეხურება, მალე ალბათ კარაბადინის პროტოკოლებით გვაიძულებენ ვუმკურნალოთ პაციენტებს.
ეს იყო ჩემი გულისტკივილი. ჩავიცვი ხალათი და გადავკეტე რუსთაველი. კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა ეს ჩვენი, ჩვენ ვაპროტესტებთ.“ – განაცხადა პროცესზე კარდიოლოგმა რამაზ ზოსიაშვილმა, შსს-მ ის გუშინ, გზის გადაკეტვის საბაბით დააკავა.



































































