მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომელიც სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭლის რეგულირებას ეხება და 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
“სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალები და ნაკეთობები (საგნები), რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერებისა და მათი თავსახურებისა, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქებისა და მათი თავსახურებისა, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქებისა, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
2. სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში. პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:
„6. აკრძალულია სეს ესნ-ის 3917 − სასაქონლო პოზიციაში, 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.
7. აკრძალულია საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება პლასტმასისაგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებზე (საგნებზე), რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის.“;
ბ) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ – „ყ“ ქვეპუნქტები:
„უ) საზოგადოებრივი კვების ობიექტი − ნებისმიერი დაწესებულება, სატრანსპორტო საშუალებების, სტაციონარული, მობილური ჯიხურის (ფარდული, სავაჭრო დახლი) ჩათვლით (მაგალითად, რესტორანი, სასადილო, სარესტორნო მომსახურება (სურსათის მომზადებისა და მიწოდების სერვისი)), სადაც სავაჭრო-საწარმოო საქმიანობით ხდება საბოლოო მომხმარებლისათვის მზა სურსათის დამზადება ან/და რეალიზაცია;
ფ) მზა სურსათი − სურსათი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის დამატებით თერმული (თბური) ან სხვა სახის გადამუშავების გარეშე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მავნე მიკროორგანიზმების ეფექტიანი განადგურება ან მათი რაოდენობის დასაშვებ (მისაღებ) დონემდე შემცირება;
ქ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა;
ღ) იმპორტი – საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცევა;
ყ) დაფასოებული სურსათი − გასაყიდად შეთავაზებამდე, წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული, რომელიც მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტს, რომელიც შედგება სურსათისა და შესაფუთი მასალისგან და რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე. დაფასოებული სურსათის ეტიკეტირება, წარდგინება და რეკლამა უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დაფასოებულ სურსათს არ განეკუთვნება სურსათი, რომლის შეფუთვა ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყოვნებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით.“;
გ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:
„მუხლი 17. შესაბამისობის კონტროლი
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ:
ა) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კონტროლისა;
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პლასტმასისაგან დამზადებული ნაკეთობების (საგნების) წარმოებისას და სარეალიზაციო ობიექტებზე, გარდა სურსათის ბიზნესოპერატორებისა;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) − სეს ესნ-ის 3924 10 სასაქონლო სუბპოზიციაში, 3917 სასაქონლო პოზიციაში, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების იმპორტისას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით.
2. ექსპორტის მიზნით პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოებისას მწარმოებელი ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე 1 (ერთი) თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი ნაკეთობების (საგნების) რაოდენობის, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის იმპორტში დეკლარირებისას დეკლარანტი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს იმპორტიორის (დეკლარანტის) განცხადებას (დანართი №6).
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი საქონელი წარმოადგენს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საქონელს, ასეთი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის ხარჯით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით.“,_ წერია დადგენილებაში.

































































