საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან დაწყებულმა მოვლენებმა, რომელსაც დასასრული არ უჩანს, ძალიან ბევრი საჭირბოროტო თემა უკანა პლანზე გადასწია, მათ შორის, ისეთი საკითხები, რომელთა მოუგვარებლობა პირდაპირ ემუქრება ათეულათასობით ჩვენი თანამოქალაქის არსებობას. მათ შორის არის 21-ე საუკუნის შავი ჭირი – ლუდომანია, რომელიც მეცნიერების აღიარებით, ნარკომანიაზე უარესია.
ვსაუბრობთ ონლაინკაზინოებზე, სადაც დარეგისტრირება უმარტივესია და სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით ეს მოზარდებსაც შეუძლიათ. ონლაინკაზინო გაღატაკებისა და ცხოვრების დანგრევის ყველაზე სწრაფი გზაა. თავად განსაჯეთ, რამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე – სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ უკვე 76 მილიარდ ლარს მიუკაკუნა.
აქვე სიამაყით კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მკითხველს, რომ სანამ კანონით მედიაში აიკრძალებოდა სათამაშო ბიზნესის რეკლამა, მანამდე, კარგა ხნით ადრე, “პალიტრამედიამ” საკუთარი გადაწყვეტილებით თავის მედიაპლატფორმებზე აკრძალა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამა. ასევე, ჩვენმა ჰოლდინგმა წამოიწყო კამპანია „”არ ითამაშო, იცხოვრე”, რომლის ფარგლებშიც ვწერდით და ვაჩვენებდით იმ ჯოჯოხეთს, რომელიც თამაშდამოკიდებულებს ემუქრებათ, სპეციალისტები აძლევდნენ რჩევებს ამ მავნე სენისგან ადამიანების გამოგლეჯის მიზნით და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეულათასობით ლარის შემოსავალი დაგვაკლდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, თუნდაც ერთი ადამიანის დახმარება თუ შევძელით, თუნდაც ერთი ოჯახი თუ გადავარჩინეთ დანგრევასა და გაღატაკებას…
დღეს კანონით სათამაშო ბიზნესის რეკლამა მედიაში აკრძალულია. თუმცა მარკეტინგმა სხვა, ძალზე ეშმაკურ და დახვეწილ ხერხებს მიაგნო. ინტერნეტი გაჯერებულია ონლაინკაზინოების რეკლამით. მაგალითად, თუ რომელიმე საიტზე ფილმის ყურება გინდათ (მეკობრულ საიტებს ვგულისხმობ – ქართულსაც და უცხოურსაც), ჯერ აუცილებლად რომელიმე ქართული ონლაინკაზინოს რეკლამა “ამოგიხტებათ”, რომელიც რამდენიმე წამში გამდიდრებას დაგპირდებათ. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ონლაინკაზინოების მარკეტინგმა მოიფიქრა.
კერძოდ, სოციალურ ქსელში ცნობადი სახეები ლაივ-რეჟიმში ონლაინკაზინოში თამაშობენ – ანუ რომელიმე სათამაშო ბიზნესის კომპანია მათ უხდის ფულს იმისთვის, რომ ლაივ-რეჟიმში ითამაშონ კონკრეტულ ონლაინკაზინოში. რა თქმა უნდა, ეს იფუთება იმით, თითქოსდა ისინი საკუთარი ფულით თამაშობენ. ჰოდა, „წარმოიდგინეთ, ხშირად იგებენ და სოციალურ ქსელში ასეთი ვიდეოები აჭრელებულია შემდეგი სათაურებით: “დავიწყე ორასი ლარით და 120 ათასი მოვიგე”, „”სასწაული მოგება”“ და ა.შ. ეს ცნობადი სახეები პოპულარულები არიან ახალგაზრდებში. შესაბამისად, ონლაინკაზინოების „შტურმის“ მთავარი ობიექტები ახალგაზრდები არიან. არავის მორალს არ ვუკითხავთ, მაგრამ საინტერესოა, თავად ამ ცნობადმა სახეებმა თუ იციან, რა საქმეს ემსახურებიან.
თქვენი მონა-მორჩილის საახლობლოში იყო რამდენიმე ლუდომანი. დღეს ისინი აღარ თამაშობენ, ბოლოს და ბოლოს, დაამარცხეს ეს სენი. თუმცა უკვე იმდენი აქვთ წაგებული, ორ-ორ ბინას იყიდდნენ. მათი ისტორიიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რა ჯოჯოხეთურ გზას გადის ლუდომანი.






























































