ოპოზიციური ლიდერებისთვის ახალი ბრალდებების წაყენებამ ლამის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხიც გადაფარა და კორუფციული სკანდალებიც, სადაც ყოფილი პრემიერით დაწყებული და მინისტრებით დამთავრებული, ვინ რამდენი მოიპარა, კაცმა არ იცის. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და რას უნდა ველოდოთ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.
– საერთოდ, როდესაც კორუფციას აქვს ადგილი, ეს ძალიან ცუდია. იდეალური, სტერილური ვითარება, როცა კორუფცია 100%-ითაა გამორიცხული, პრინციპულად შეუძლებელია. ამიტომაც ებრძვიან კორუფციას ქვეყანაშიც და საერთაშორისო დონეზეც, რათა კორუფცია მინიმალურ დონეზე დავიდეს. საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით მუშაობა რომ გაააქტიურა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ადრე ჭორების დონეზე იყო საუბარი, რომ კორუფციას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ერთია, როდესაც ამაზე ზოგადად საუბრობენ და მეორე, როდესაც კონკრეტული ფაქტები დაიდება და შესაბამისი პირები მიეცემიან პასუხისგებაში. რატომ არ მოხდა ეს აქამდე? ამაზე ჩემი პასუხი ასეთია – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რა თქმა უნდა, ეს თავის დროზე რომ გაკეთებულიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კიდევ კარგი, ახლა მაინც დაიწყო ამ მიმართულებით ქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში, რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული მკაცრი ნაბიჯებისადმი დადებითია. თვითონ ისინიც, ვინც დღეს მთავრობაში არიან, ხედავენ, რა შეიძლება მოჰყვეს მომავალში მათ შესაძლო დარღვევებს, ამიტომ ეს მათთვისაც პოზიტიური სიგნალია, რომ თავი შორს დაიჭირონ ნებისმიერი პრობლემისგან, რომელიც შეიძლება კორუფციასთან იყოს დაკავშირებული.
– ახლა კორუფციაში ბრალდებულ უმაღლესი თანამდებობის პირებზე, მათ კორუფციაზე, სიუჟეტები კეთდებოდა, იწერებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. დანარჩენები, ვინც დღეს თითქოს ამ კორუფციას ებრძვიან, გამალებით იცავდნენ მათ და ისევ ჟურნალისტებს ლანძღავდნენ და სიცრუეში ადანაშაულებდნენ. თუ მართლა აწუხებდათ ეს პრობლემა, ხომ შეიძლებოდა გამოძიება მაინც დაწყებულიყო? ძალიან ბევრი კითხვაა, რაც ართულებს იმის დაჯერებას, რომ ახლა ამ ხელისუფლების მიზანი მართლა კორუფციასთან ბრძოლაა და ამას არ იყენებს ინსტრუმენტად.
– რა თქმა უნდა, შეიძლება საკითხი ასეც დავაყენოთ, მაგრამ ერთი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ – ერთი არის ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია, და მეორეა არაკანონიერი შემოსავლების მიღება, როდესაც თანამდებობის პირს ბიზნესსაქმიანობა ეკრძალება, მაგრამ ის მაინც განაგრძობს. ეს ის არის, რაც ახლა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შეეხება. ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა კი, რა თქმა უნდა, სხვა თემაა და ბევრად მძიმეა.
მინდა გაგახსენოთ ერთი ფაქტი – რამდენიმე წლის წინ ითქვა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში 703 მილიონი ლარი გაქრაო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს სადღაც 2018 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც კი თქვა. ცხადია, ამ ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამქრალი თანხების უკან გარკვეული თანამდებობის პირები მოიაზრებიან. ამის შესახებ შემდეგ არაფერი მსმენია და არც დღეს ვიცით, ჩატარდა თუ არა გამოძიება, სად გაქრა ის 703 მილიონი, ვინ იყო დამნაშავე, დაბრუნდა ეს თანხა თუ არა. ბიუჯეტიდან რომ თანხა “ქრება”, ეს კორუფციის ყველაზე მძიმე ფორმაა.
– რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? სანამ სჭირდებოდათ, თვალს ხუჭავდნენ და დასჭირდათ და დაიწყეს? სხვა შთაბეჭდილება შეიძლება დაგვრჩეს ამ ყველაფრიდან და მაშინ სად არის აქ კორუფციასთან ბრძოლა, ეს ხომ უბრალოდ საბაბი გამოდის?
– არ ვიცი, მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქისა და საზოგადოებრივად მეტ-ნაკლებად აქტიური წევრის პოზიციაა, რომ კიდევ კარგი, ეს საკითხი ახლა მაინც დადგა დღის წესრიგში.


































































