იუბილარ მასწავლებლებთან შეხვედრამ, რომელიც ოზურგეთის პედაგოგთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, როზა გოგუაძემ ხუთი წელია, წესად აქცია, გადამდები ხასიათიც კი მიიღო. ყოველ წელს ღვაწლმოსილი პედაგოგების საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, მოკრძალებული, გულღია ჟესტით ხდება.
ამჯერად შეხვედრა შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში შედგა.
მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინა წულაიამ, ამ შეხვედრას მოფერებისა და თანადგომის დღე უწოდა და მასწავლებლებს, რომლებსაც 50-60 -70 წელი შეუსრულდათ, სიყვარულით მიულოცა საიუბილეო თარიღები:
_ მეც თქვენთან ერთად ვარ იუბილარი. თქვენთან ერთად ვულოცავ ჩემს თავსაც და მადლიერებით გეტყვით, რომ დიდია თქვენი როლი, შეუფასებელიც კი, თაობების აღზრდის საქმეში. გაამართლა ქალბატონ როზა გოგუაძის ინიციატივამ, ასეთი ტრადიცია დამკვიდრებულიყო და ორმაგად გვიხარია დღევანდელი დღე. სასკოლო ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე საუბარიც ჩვენს თანმხლებ საქმედ იქცა და ესეც დასაფასებელია, _ უთხრა მან პედაგოგებს.
პროფკავშირული ორგანიზაციის კოორდინატორმა თაკო მარკოიშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მასწავლებლებს.
პედაგოგთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, როზა გოგუაძემ განაცხადა, რომ მასწავლებელთა შეხვედრა, რაც საიუბილეო თარიღის გარდა, ერთმანეთის ნახვის სიხარულის გულწრფელი გამოხატვაცაა, აუცილებელია:
_ ყველა აღნიშნავს დღეს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ისე წაიყვანა საქმე, სიკეთესთან ერთად, უარყოფითი მხარეც გამოავლინა და ერთმანეთთან შეხვედრის საშუალებაც შეგვიჩერა. მე მუდამ ვეცდები, რომ ასეთი მადლიერების დღეები, ცოცხალი შეხვედრებით, ხშირად დავგეგმოთ, _ თქვა მან.
როგორ და რამდენ პრობლემაზე საუბრობენ დღეს განათლების სისტემაში? რა სჭირდება, რა უჭირს, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საჯარო სკოლა? ამ ყველაფრის ირგვლივ მასწავლებლებმა გულახდილად ისაუბრეს. არის თუ არა პედაგოგთა პროფკავშირი საიმედო ორგანიზაცია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივად დაიცავს მასწავლებელს? საინტერესო და საჭიროა თუ არა საგანთაშორისი გაკვეთილების ჩატარება? არის თუ არა აუცილებელი სასკოლო ფორმა? სიკეთესთან ერთად, რა მინუსებით აღინიშნება ტექნოლოგიების განვითარების პროცესი? რატომ არ აქვთ ქართული ენის გრამატიკა ცალკე წიგნად დაწყებით კლასებში და ცალკე საგნად რატომ არ ისწავლება, როგორც ეს ადრე იყო? აუცილებელია თუ არა კვების ბლოკი სკოლაში? ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე უპასუხეს პედაგოგებმა, რაც მათი გამოცდილების, დამსახურების, კვალიფიციური ცოდნის, სკოლაში მრავალწლიანი მუშაობის მიღმა ნაფიქრია და საუკეთესო რჩევაა სასკოლო ცხოვრებაში მომუშავე პერსონალისთვის, მშობლებისთვის, თითოეული მოსწავლისთვის… ყველასთვის, ვინც მათ მოუსმენს.
თხინვალის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, სკოლის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლუიზა ცერცვაძე:
_ პროფკავშირული ორგანიზაცია საუკეთესო მხარდამჭერია პედაგოგისთვის და სურვილის მიხედვით კი არა, აუცილებელია, ყველა მასწავლებელი იყო მასში გაწევრიანებული. დღეს აქ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ხდება, თუმცა, პროფკავშირი მხოლოდ საზეიმო დღეებისთვის კი არ არის უპირატესი ორგანიზაცია, სამართლებრივად გვერდში მდგომი სამსახურია. 37 წელია სკოლაში ვმუშაობ. პედაგოგთა პროფკავშირი არის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია მასწავლებელს მხარში დაუდგეს კვალიფიცირების საქმეში. არაერთი ტრენინგი ჩაგვიტარდა, რომლის შედეგი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ტექნოლოგიების განვითარება საუცხოო პროცესია განვითარებისთვის, განათლებისთვის. დღევანდელი სამყარო მასზეა ორიენტირებული. თუმცა, ერთის მხრივ, ტექნოლოგიების შემოსვლის გამო, თითქოს, საზოგადოება გაცვდა. დასუსტდა ურთიერთობები. ადრე ვიკრიბებოდით. ახლა უმეტესად ტელეფონით ვუკავშირდებით მშობელს თუ მოსწავლეს. ან თუ შევიკრიბებით, მაინც ტელეფონში იყურება ბავშვი. გაკვეთილზე ეს საკითხი მოგვარებულია _ მასწავლებელთან გროვდება ტელეფონები და შემდეგ იბარებენ. თუმცა, მაინც ტელეფონზე დამოკიდებული გახდა ბავშვი. როცა გვავალებენ, რომ უნდა მოიძიოს ესა თუ ის ინფორმაცია, ხშირად სხვა რაღაც შერჩა. ბავშვი კი არა, მე რომ ვეძებ აუცილებელ ინფორმაციას, უცებ რაღაც ისეთს გადავაწყდი, შევჩერდი…
პრობლემაა, როცა შესარჩევი სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია გაქვს მხოლოდ და ისე უნდა ამოირჩიო. კარგი იქნება, ერთ სკოლას ერთი წიგნი მაინც ჰქონდეს. ასევე უმჯობესია, მთელ ქვეყანაში ერთი საგანი ერთი ავტორისა იყოს. რაღაც განსხვავებები ხომ არის. მერე კი ეროვნულ გამოცდებზე იგივე წიგნიდან უნდა იყოს საკითხები. ეს სხვადასხვაობა, თუნდაც მცირე, მაინც ახდენს უარყოფით გავლენას. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. იქნებ, ერთბაშად არ მოხერხდეს, მაგრამ ერთი შეხედვით წვრილმანი რომ გვგონია, მიხედვა სჭირდება.
_ აკაკი შანიძის გრამატიკა რომ ისწავლებოდა დაწყებით კლასებში, უკეთესი სახელმძღვანელო, არ მგონია, არსებობდეს. მე ინგლისურ ენას ვასწავლი სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში. ქართული ენის გრამატიკა თუ არ იცის მოსწავლემ, ინგლისურს ვერ ისწავლის. ასევე, სახელმძღვანელოებზე, ისტორიის და ბიოლოგიის წიგნებზე მინდა ვთქვა _ გაცილებით უკეთესი იყო ძველი გამოცემები, ბიოლოგია, განსაკუთრებით. ამაში ყველა პედაგოგი დაგეთანხმებათ. კი, ჩვენ გვეუბნებიან, გვრთავენ ნებას, რომ სწავლებისას შევიტანოთ დამატებითი მასალა. ოღონდ შედეგზე გავიდეთ და არ გვიშლიან. თუმცა, ოფიციალურად რომ იქნება ეს ყველაფერი სავალდებულო, უმჯობესია.
აუცილებელია, რომ სკოლაში კვების ბლოკი იყოს. უფასო კვება, თუნდაც ერთი ფუნთუშა, ვაშლი… სახელმწიფომ ეს უნდა შეძლოს. ბავშვმა გაკვეთილზე არ უნდა მითხრას: “მშია, მასწავლებელო“, _ გვითხრა ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქეთევან ხელაძემ.
ბოხვაურის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, თეა მსხვილიძე, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს, კმაყოფილებას გამოთქვამს თავისი სტატუსის და ხელფასი გამო, რასაც უდიდესი შრომის ფასად მიაღწია:
_ ძალიან მადლიერი ვარ იმ ტრენინგების, რაც პედაგოგთა პროფკავშირის მხარდაჭერით ჩაგვიტარდა. ჩემს პროფესიულ ზრდას ამ გზითაც მივაღწიე. პროფკავშირი არის ერთი ძალიან საიმედო ორგანიზაცია, რომელიც მასწავლებლის იმედი არის და პედაგოგმაც ხშირად უნდა მიმართოს მას. სკოლაში საჭიროა და აუცილებელიც, სკოლის დონეზე ტარდებოდეს საგანთაშორისი გაკვეთილები. ქართულის და ისტორიის გაკვეთილები, თუნდაც, ისტორიის და ქიმიის გაკვეთილები. საინტერესოა, ბავშვი როგორ დაუკავშირებს ერთმანეთს ამ ორი საგნის ცოდნას. როცა მას ფრაგმენტული ცოდნა აქვს, აქ ხდება ამ ცოდნის შეერთება.
კიდევ ვიტყვი იმას, რომ კვების ბლოკი აუცილებელია სკოლაში. მე ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის მუდამ მაქვს ჩანთაში შოკოლადები დღის ბოლოსთვის, _ამბობს ქალბატონი თეა.
_ დღევანდელი დღე, რომლის ტრადიცია ქალბატონმა როზა გოგუაძემ ხუთი წლის წინ დაამკვიდრა, მხოლოდ იმით კი არ არის საინტერესო, რომ მრგვალი (თუ არამრგვალი) თარიღის ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლიერების სიტყვას გვეუბნებიან. აქ ერთმანეთს ვუზიარებთ აზრს, რა სჭირდება დღეს სკოლას, მოსწავლეს, საგანს. პროფკავშირული ორგანიზაცია უდიდესი ძალაა და ყველა მასწავლებელი უნდა იყოს გაწევრიანებული. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე წლები. ამ პედაგოგებმა, ვინც ახლა 50-60-70 წლისანი არიან, სკოლას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. უხელფასოდ, ფეხსაცმელში წყალი შედიოდა და მაინც არ აცდენდნენ გაკვეთილებს. დღეს არის ბევრი რამ, რაც არ მოგვწონს, მაგრამ მხარს ვუჭერთ, რადგან სკოლას, ქვეყანას სჭირდება. დღეს აქ აღვნიშნეთ არაერთი იუბილე. ეს ძალიან კარგია, თუცა, აი, ხედავთ, ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს და უნდა ვებრძოლოთ ამას. თქვენ კი ეს გაახმოვანოთ. საუცხოო დღეა. მადლიერება უნდა გამოვხატო ქალბატონი როზას მიმართ, რომელმაც 50 წელზე მეტია, თითოეული პედაგოგის გასაჭირი თუ ლხინი იცის, _ გვითხრა მეოთხე საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ამავე სკოლის დირექტორმა ათეული წლების მანძილზე, ტარიელ კალანდაძემ.
_ პროფკავშირული ორგანიზაცია საიმედო ბერკეტია. მე წევრი ვარ და ისიც მჯერა, სამართლებრივი ბრძოლა რომ დაგვჭირდეს, გვერდში დგომას შეძლებს. მაგალითად იყო ფაქტები, გვახსოვს, პროფკავშირის ინიციატივით აღდგა დეკრეტული შვებულება _ ეს იყო დიდი როლი ამ ორგანიზაციისა.
რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს, ვიტყვი სასკოლო ფორმის შესახებ. სოფელ დვაბზუში არის მოსწავლეთა ფორმირება, მშობლებთან შეთანხმებით. კარგია, რადგან თანასწორ პირობებში იმყოფებიან მოსწავლეები. მე რომ მკითხო, ისიც მომწონს, ფორმა არ აცვია, მაგრამ კარგად სწავლობს ბავშვი. ტექნოლოგიების განვითარებას რაც შეეხება, სიკეთესთან ერთად, თავისი მინუსიც აქვს _ სულ ტელეფონებში არიან თავჩარგული. ხშირად მშობლებმაც უნდა აკონტროლონ, მართონ შვილები. სკოლაში, რა თქმა უნდა, ტელეფონებს აწყობენ ყუთში და ერთმანეთსაც უწევენ კონტროლს, ვინ გამორთო და დადო და ვინ _ არა. ეს ძალიან კარგია, თუმცა, მეტი კონტროლი სჭირდება, _ გვეუბნება ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა რუსიეშვილი, რომელიც გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაშიც მუშაობს.
იუბილარ მასწავლებელთა შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ყოფილი პედაგოგებიც ერთი ოჯახიდან: მეუღლეები _ 80 წლის როლანდ კვაჭანტირაძე და გულნარა მდინარაძე. ბატონი როლანდი მათემატიკას, ხოლო ქალბატონი გულნარა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდნენ 44 წლის მანძილზე. მათი საოცარი შემართება, გამჭრიახი გონება, მხნეობა დღესაც აოცებს ბევრს. ყველაფერ ამას სკოლაში მუშაობის ხანგრძლივი პერიოდის სიკეთედ თვლიან.
ბატონი როლანდი გვეუბნება, რომ სამშობლოს სიყვარულზე უნდა იყოს მეტი აქცენტი სწავლების დროს, პატრიოტიზმი ყველაფერში უნდა იგრძნობოდეს. უფასო კვების ბლოკი სკოლაში აუცილებელია და ეს როგორმე სახელმწიფომ უნდა შეძლოს. ჩემი შვილიშვილი სკოლაში აქ, ურეკში სწავლობს. გზის მეორე მხარეს არის მაღაზია. იქ დარბის გაკვეთილებს შორის. ყოველთვის მასწავლებელი ვერ უდარაჯებს. აუცილებელია, სკოლებში, როგორც ადრე იყო ბუფეტები, ახლაც მოწესრიგდეს.
_ დიდხანს ვასწავლიდი მშობლიურ ქართულ ლიტერატურას და გრამატიკას ურეკის სკოლაში. საუცხოო იყო აკაკი შანიძის ქართული ენის გრამატიკა დაწყებით კლასებში. იქნებ, მოახერხონ და დააბრუნონ. რაც კარგია, შენი წარსულიდან კიარა, მტრისგანაც უნდა ისწავლო. დღეს აქ ვუსმენდი არაერთ მწვავე, საინტერესო კითხვას. მასწავლებელთა პასუხებიც მხიბლავს. კარგად სვამენ აქცენტებს, სად რა პრობლემაა. მით უფრო, ძალინ კარგია, რომ ამ ყველაფერს გაახმოვანებთ და ვიღაცის ყურს მაინც მიწვდება, რაც საქმის კეთებას შეუწყობს ხელს, არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, _ გვითხრა ქალბატონმა გულნარა მდინარაძემ.
ავტორი






























































