პარლამენტი უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს. საკანონმდებლო პაკეტზე დღეს განათლების კომიტეტზე იმსჯელებენ.
რეფორმა 2026 წლიდან ქვეყანაში საგრანტო დაფინანსების მოდელის გაუქმებას ითვალისწინებს – სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე კი სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.
ცვლილებები არ ეხებათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში უკვე სწავლობენ.
გარდა ამისა, საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლება 3+1+1-ის ფორმატზე გადადის. რაც ბაკალავრის სტატუსის მისაღებად 4-ის ნაცვლად სამ წლიან სწავლას გულისხმობს.
“ახალი რეფორმის ფარგლებში იქნება 3+1+1 – ეს გულისხმობს, რომ იქნება 3-წლიანი ბაკალავრის სწავლება, 3 წელიწადში სრულად მოხდება პროფესიის დაუფლება, არ შეეხება ეს წლები მარეგულირებელ პროფესიებს, როგორიც არის მაგალითად სამედიცინო. რაც შეეხება მაგისტრატურას, 1-წლიანი საკმაოდ გავრცელებული ფორმა არის, გადავალთ 1-წლიან მაგისტრატურის ნაწილზე.
ასევე, რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ხდება უფასო. რაც შესაძლებლობას აძლევს ყველა ადამიანს, ჰქონდეს წვდომა განათლებაზე,” – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.































































