“ქართლის ამბების” ინფორმაციით, ქარელის ერთ-ერთ სოფელში მდებარე საბავშვო ბაღში 3 წლამდე ასაკის ბავშვი ოთახიდან დერეფანში გაიპარა, კარადაზე აძვრა, რის შემდეგაც კარადა გადმოვარდა და ბავშვი მოიყოლა. მცირეწლოვანს სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდა.
შემთხვევის შემდეგ აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღმზრდელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ გათავისუფლება უკანონოა.
პირველ ეტაპზე საქმე ხაშურის სასამართლოში განიხილეს, სადაც მოსამართლის შეფასებით, გათავისუფლება „კანონიერად“ მოხდა. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა.
სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. ის სამსახურში აღადგინეს, ხოლო სააგენტოს განაცდურის ანაზღაურებაც დაკისრეს..
უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ საბავშვო ბაღში არ იყო შექმნილი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, კერძოდ:
ოთახის კარს სახელური არ ჰქონდა და არ იკეტებოდა, რაც ბავშვის მიერ ოთახის დატოვების შესაძლებლობას ქმნიდა.
კარადა, რომელიც გადმოვარდა, კედელზე საერთოდ არ იყო დამაგრებული, რაც უსაფრთხოების მძიმე დარღვევას წარმოადგენდა.
ბაღი ბაგა-ბაღს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, 3 წლამდე ბავშვი ჯგუფში არ უნდა ყოფილიყო ჩარიცხული.
აღზმრდელს ჯგუფში იმაზე მეტი ბავშვი ჰყავდა მიბარებული, ვიდრე დადგენილი სტანდარტი მოითხოვს. ჯგუფში 20 ბავშვი ირიცხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტით ჯგუფში მაქსიმუმ 15 ბავშვია დაშვებული.
ამ ფაქტორების ერთობლიობით სასამართლომ დაადგინა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უსაფუძვლოდ მოხდა; აღმზრდელი, რომელსაც თითქმის 40 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, სამსახურში უნდა აღდგეს და მთელი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს.
ქარელის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, რომ აღმზრდელი სამსახურში 2026 წლის 1 იანვრიდან დაბრუნდება. ამ დროისათვის მის პოზიციაზე დასაქმებულ სხვა თანამშრომელს ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

































































