ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის შემოქმედის სასოფლო ფილიალში ჩატარდა გასვლითი ღონისძიება სასოფლო ფილიალების თანამშრომლებისათვის. ღონისძიების ფარგლებში შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნატალია ვაშალომიძე) ისაუბრეს წიგნის დანიშნულებაზე. პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მსოფლიოს უძველესი ბიბლიოთეკები და წიგნები. განიხილეს თამაზ ბიბილურის შემოქმედება.
ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის ლიკა ბაქანიძის თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელი და საჭიროა.
„ეს ღონისძიება იყო გაყოფილი ორ ნაწილად და მინდა გითხრათ, რომ საინტერესო დღე გამოვიდა. აუცილებელია ბიბლიოთეკის შენობები ყველასათვის არაფორმალური განათლების ერთ-ერთი კერა იყოს“.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ღონისძიების მეორე ნაწილი. შემოქმედის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნატალია ვაშალომიძემ, თავის მოსწავლეებთან ერთად განიხილეს ქართველი კლასიკოსის, თამაზ ბიბილიურის რომანიდან “ჟამი კითხულისა“ ერთი საინტერესო და მეტად დამაფიქრებელი ნაწყვეტი.
ნატალია ვაშალომიძე – „ეს ღონისძიება ყველაზე მეტად ატარებდა მესიჯს საზოგადოებისადმი, რომ წიგნის კითხვა ყოველდღიურ რუტინად უნდა იქცეს ბავშვებისა და არა მარტო ბავშვებისათვის.
რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას – სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე დავგეგმე ერთი წიგნის პრეზენტაცია სოფლის ბიბლიოთეკაში. ვისაუბრეთ ბიბლიოთეკებსა და წიგნებზე, ასევე მოსწავლეებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ვიმსჯელეთ თამაზ ბიბილურის რომანზე „ჟამი კითხულისა“.
„ჟამი კითხულისაში“ ერთ-ერთ ეპიზოდში ობოლო გოგონას ისტორია არის მოთხრობილი, რომელიც სოფელმა გასწირა. მინდოდა ბავშვებისთვის დამენახვებინა, უფროსი თაობა როგორ უნდა მოექცეს ბავშვებს. არ შეიძლება ობოლს ასე მოექცეს საზოგადოება.“
შემოქმედის ბიბლიოთეკის გამგის ლელა საბაშვილის აზრით, ყველაზე მეტად წიგნების ასარჩევად და წასაკითხად ბავშვები მოდიან და მსგავსი შეხვედრები უფრო მეტად დაახლოვებს მათ წიგნებთან.
ავტორი































































