ციფრები, რომელთა მიღმაც რეალური ტკივილი და შიში დგას- შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
ვინ ხდება ძალადობის მსხვერპლი, რა ასაკობრივი ჯგუფია ყველაზე მოწყვლადი და რა ფორმით ვლინდება აგრესია გურიის რეგიონში?- გთავაზობთ დეტალურ სტატისტიკას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს გურიაში, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამო 3 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
ძალადობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის 3 ქალი გახდა, რომელთაგან 1 ძალადობის მსხვერპლ ქალის ასაკი 18-24 წლამდეა, ხოლო ორის – 25-44 წლამდე.
რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის სახეეებს, 1 შემთხვევაში ადგილი ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა, ხოლო სამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურს.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის ფაქტებს, 2025 წელს 108 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის 16 კაცი და 84 ქალი გახდა. მათ შორის 11 არასრულწლოვანია. 13 წლამდე ასაკის 1 ბიჭი და 2 გოგო, 14-17 წლამდე ასაკის 1 ბიჭი და 7 გოგო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 14-17 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ფიგურირებს იმ პირთა სიაშიც, ვის მიმართაც შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
რაც შეეხება ოჯახში ძალადობის სახეეების სტატისტიკას, ადგილი ჰქონდა 57 ფიზიკურ, 90 ფსიქოლოგიურ, 1 სექსუალურ, 1 იძულების და 2 უგულებელყოფის შემთხვევას.
ინფორმაციისთვის, ფიზიკური ძალადობად მიიჩნევა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხავ ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებს ან სიკვდილს;
ფსიქოლოგიური ძალადობად – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;
სექსუალური ძალადობაა – სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
ეკონომიკური ძალადობაა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
იძულებაა – ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება–სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.




































































