რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.
„როდესაც საუბარია არჩევნების ლეგიტიმაციაზე, გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები ჯერ 2020 წელს, შემდეგ 2024 წელს, მანამდე 2016 წელსაც იყო იგივე პროცესები. 2020 წელს მაგალითად, აცხადებდნენ, თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ „გაყალბებულ პარლამენტში” მთელი ოპოზიცია ერთად შელაგდა, როდესაც ხელი მოეწერა ე.წ. მიშელის შეთანხმებას. აღმოჩნდა, თურმე არ ყოფილა არჩევნები გაყალბებული და არც პარლამენტი ყოფილა ყალბი. იგივე ხდება მაგალითად 2024 წლის შემთხვევაშიც, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და არჩევნები შედგა. ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა შემდგარ ინსტიტუტებზე, შემდგარ პარლამენტზე, ძალიან მკაფიოდ იყო ეს მათი მხრიდან ნათქვამი. არ იყო არავითარი დარღვევა, არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და როდესაც მაინც აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.
რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც. ერთ შემთხვევაში ვუპირისპირდებით ოკუპაციის შესახებ კანონით და მეორე შემთხვევაში, ვუპირისპირდებით ექსტრემიზმის შესახებ ჩანაწერით სისხლის სამართლის კოდექსში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



































































