ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის ანგარიშში, სათაურით — „რეპრესიების ანატომია: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე საქართველოში“ — ნათქვამია, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის უმძიმესი გაუარესება ფიქსირდება. დოკუმენტის მიხედვით, მმართველი პარტია მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავტორიტარულ პრაქტიკას მიმართავს.
ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებულ უწყვეტ საპროტესტო მოძრაობას ასახავს:
ათასობით ადამიანი თვითნებურად დააკავეს და დააჯარიმეს;
ასობით მოქალაქე გახდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი;
150-ზე მეტი პირი უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების შედეგად დააპატიმრეს.
მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია ხაზს უსვამს საზოგადოების მედეგობას და აღნიშნავს, რომ 500 დღეზე მეტია, დემონსტრანტები მთელ საქართველოში აგრძელებენ ქუჩაში გამოსვლას საკუთარი უფლებების, ღირსებისა და უკეთესი მომავლის დასაცავად.
რეპრესიების კოორდინირებული სისტემის 4 ძირითადი ბურჯი
Amnesty International-ის შეფასებით, ქვეყანაში მოქმედებს კოორდინირებული სისტემა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება:
-
დეზინფორმაცია: კრიტიკოსების მიზანმიმართული დემონიზაცია და მათგან „მტრის ხატის“ შექმნა;
-
შემზღუდავი კანონები: განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია და სამოქალაქო სივრცის შევიწროება;
-
საპოლიციო კონტროლი: ძალის გამოყენება, რაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ფიზიკურად სახიფათოს ხდის;
-
სასამართლო სისტემა: უსამართლობის ციკლის გაგრძელება, რომელიც რეპრესიებს „კანონიერების იერსახეს“ სძენს.
„ანგარიში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალოს კურსი, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას — დროულად აღიქვას და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ამ მიზანმიმართულ რეპრესიულ სისტემაზე“, — ნათქვამია დოკუმენტში.


































































