“სამხრეთ ოსეთი” მზად არ არის საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა”, მარატ კამბოლოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“სახლში დაბრუნების გზა უფრო გამარტივდა. ამის შესახებ ბევრმა ისაუბრა ოსეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრაზე. „ქვემო ზარამაგში“ (Нижний Зарамаг) ახლა ლოდინის დრო შემცირდა — ეს კი ნიშნავს, რომ უფრო მარტივია მშობლების მოინახულება, ახლობლების ნახვა და სახლში ჩამოსვლა.
ამ ცვლილებების მიღმა რუს კოლეგებთან ერთობლივი დიდი შრომა დგას. ეს არის კონკრეტული ნაბიჯი ოსეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების დაახლოებისკენ. მჯერა, დადგება დღე, როდესაც ამ გამშვები პუნქტის საჭიროება გაქრება, რადგან ოსეთი ერთიანი გახდება.
ჰკითხეს ჩვენი რესპუბლიკის გავლით ტრანზიტისთვის საქართველოსთან საზღვრის გახსნაზეც. პირდაპირ ვიტყვი: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის — არც მორალურად და არც საჭირო ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით. ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხოების საკითხი გადატანილ ომსა და დანაკარგებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი გადაწყვეტილება აქ საიმედო გარანტიებს მოითხოვს. ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება ადამიანების უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი.
ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რისი გაკეთება მოხერხდა ბოლო ორი თვის განმავლობაში და რა პრობლემებია მოსაგვარებელი. სოციალური მხარდაჭერა, ხელმისაწვდომი მედიცინა, კარგი განათლება, სამუშაო ადგილები — სწორედ ამ შედეგებით შეაფასებს ხალხი ჩვენს მუშაობას. ამიტომ განვავითარებთ ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, ტურიზმსა და ინფრასტრუქტურას. პირველი ცვლილებები უკვე არის. ძირითადი სამუშაო კი წინ გველოდება.
ცალკე განვიხილეთ სამხრეთ ოსეთის პასპორტების საკითხი. მიმაჩნია, რომ თითოეულ ოსს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, უნდა ჰქონდეს ჩვენი რესპუბლიკის პასპორტის მიღების შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა გასაგები, კანონიერი მექანიზმი.
მათთვის, ვინც დაბრუნებაზე ფიქრობს, მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ სამუშაოს პოვნის, შვილების აღზრდისა და მშობლიურ მიწაზე მომავლის მშენებლობის შესაძლებლობა. ასეთი პირობების შექმნა — ჩვენი ამოცანაა”,_ წერს მარატ კამბოლოვი.

































































