კულტურის სფეროში კულტურის მინისტრად ინიშნება განსხვავებული სფეროდან წამოსული ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი გამოცდილება ამ სფეროს მართვაში, ეს ნიშნავს რეპრესიებს. რაც ხდება, არის კულტურაში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, – ასე გამოეხმაურა “ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ კულტურის მინისტრის პოსზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მაია ბითაძის დანიშვნას.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას, ტუღუშის შეფასებით, წელიწადნახევრის განმავლობაში აღნიშნული უწყების მეხუთე ხელმძღვანელის დანიშვნა აჩვენებს, როგორ ხედავს ქვეყნის უსაფრთხოებას “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი.
„რაც შეეხება კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძის წარდგენას, აქ სერიოზული პრობლემაა ისევე, როგორც წინარე ისტორიაზე. ის ფაქტი, რომ კულტურის სფეროში კულტურის მინისტრად ინიშნება განსხვავებული სფეროდან წამოსული ადამიანი, რომელსაც შესაძლოა კულტურასთან ჰქონდეს გარკვეული შეხება, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ არ აქვს არანაირი გამოცდილება ამ სფეროს მართვაში. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს საქართველოში კულტურის სფეროში პოლიტიკოსის მოსვლა. ეს ნიშნავს რეპრესიებს. რაც ხდება, არის კულტურაში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ შეგვიძლია წმენდები გავიხსენოთ, რომელიც ამ სფეროში მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი დაინიშნა კულტურის მინისტრად. ერთის მხრივ ყრიდნენ და წმენდდნენ ამ სისტემას და მეორე მხრივ, გვქონდა მართლაც კატასტროფული სიტუაცია, მაგალითად, გელათთან – უმნიშვნელოვანეს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით: წყალი ჩამოდიოდა, ფრესკები იშლებოდა, ინგრეოდა და ვერაფერს უშველიდნენ, რადგან ამ სფეროსი იყო ძალიან უხარისხო მართვა და დამაზიანებელი. საპატრიარქოს სთხოვეს, რომ თქვენ მიხედეთო. სახელმწიფომ გადააბარა საპატრიარქოს ეს საკითხი. გვახსოვს, როგორი აგრესიული პოლიტიკა განხორციელდა მწერლების მიმართ, როგორ შეიცვალა ინსტიტუციური მიდგომები, რაც არსებობდა ამ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ. გვახსოვს, როგორ შეიცვალა დამოკიდებულება თეატრების მიმართ, დირექტორებზე რა ზეწოლა ხორციელდებოდა, რადგან თეატრიც პოლიტიკური განზომილება გახდა და არა ცალკე აღებული კულტურა. როგორ ფორმირდებოდა კინოცენტრი და როგორ პოლიტიკას ახორციელებს, ესეც ძალიან კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი ნაბიჯები გადაიდგა, ამიტომ ეს ამბავი ძალიან შემაშფოთებელია იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ახალი უბედურება არ დააწიონ ამ სფეროს.
რაც შეეხება სუს-ის უფროსების შეცვლას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეწირება პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის შიდა პოლიტიკურ პროცესებს, სხვანაირი ახსნა არ არსებობს. ეს ნიშნავს იმას, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჰიპოთეტურ ხელმძღვანელს ევალება განახორციელოს ის დავალებები, რომლებსაც არ ან ვერ ასრულებს, ასეთი სწრაფი ცვლა სხვანაირად ვერ აიხსნება. ფორმალური ნაწილი ამ ყველაფრის არის მიჩქმალული, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არაფორმალური ნაწილი არსებობს. აუცილებელია წესიერად ახსნან სუს-ის უფროსების ცვლილება. არ შეიძლება ყველას უშვებდე, აქედან ნაწილი ციხეში ხვდებოდეს და მეორე ნაწილი სადღაც მოძრაობდეს, როგორც მდინარაძე შემთხვევაში, რომელსაც რაღაც უნიკალური ისტორია აქვს, მისთვის იქმნება თანამდებობები, შემდეგ უქმდება და პარლამენტი კავდება ამ საკითხებით.































































