საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პროფესიული მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს.
კონკურსის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები 2026 წლის ნოემბერში იტალიაში, ქალაქ რეჯიო ემილიაში, ორგანიზაცია „Reggio Children“-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში _ „The Reggio Emilia Approach to Education“ მიიღებენ მონაწილეობას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ მასწავლებლებს, რომლებიც აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დარგობრივ პროფესიულ მოდულებს ახორციელებენ და ინგლისურ ენას ფლობენ.
სასწავლო კურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
განაცხადების მიღება 21 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შევსებული განაცხადი, რეპლიკაციის აქტივობების გეგმა და დამსაქმებელი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი.
დოკუმენტების წარდგენა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის _ eFlow-ს საშუალებით არის შესაძლებელი.
































































