უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, მან ტრამპს ღიად უთხრა, რომ სი ძინპინს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
„ხვალ პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის ლიდერს შეხვდება. პრეზიდენტს ძალიან გულწრფელად ვუთხარი, რომ ვფიქრობთ _ თუ ის პრეზიდენტ სისაც ჩართავს, მას პუტინზე გავლენა აქვს.
თუ გვინდა, ეს ომი მხოლოდ სიტყვებით კი არა, რეალურად დასრულდეს, ამისთვის ყველამ დღე-ღამის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ _ ადამიანების გამო“, _ განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია ხელი შეუწყოს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას, სადაც ლიდერები სადავო საკითხებზე პირდაპირ ისაუბრებენ.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ აშშ რუსულ მხარეს უკრაინის წინადადებას გადასცემს ენერგეტიკული ზავის შესახებ. უკრაინა აცხადებს, რომ მზადაა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან თავი შეიკავოს, თუ რუსეთიც შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპი დადებითად უყურებს უკრაინისთვის „Patriot“-ის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზიების შესაძლო გადაცემასაც.



































































