რუსეთის შეიარაღებული ძალების Mi-8 ტიპის ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, _ ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა იუწყება.
შემთხვევა 23 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 11:08 საათზე, ქალაქ ბრანიევოს ჩრდილოეთით მოხდა.
პოლონური მხარის ინფორმაციით, ვერტმფრენი კალინინგრადის ოლქიდან ასრულებდა ფრენას და პოლონეთის საჰაერო სივრცეში მაქსიმუმ დაახლოებით 300 მეტრის სიღრმეზე შევიდა. ის პოლონეთის საჰაერო სივრცეში 42 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.
ვერტმფრენის გადაადგილებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარადარო სისტემები აკვირდებოდნენ. ინციდენტის გამო ჰაერში საბრძოლო თვითმფრინავები აფრინდნენ, ხოლო სახმელეთო ძალები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები მზადყოფნაში იმყოფებოდნენ.
პოლონეთის ოპერატიული სარდლობის შეფასებით, ინციდენტის ხასიათი მიუთითებს, რომ რუსეთი პოლონეთის საჰაერო თავდაცვის მზადყოფნას კვლავ ამოწმებს.
სარდლობაში აცხადებენ, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები საჰაერო სივრცეს 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუდმივ მზადყოფნაში არიან.

































































