ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მას შემდეგ მისცა, რაც მის თვალწინ ერთ-ერთი პატიმარი, ახალგაზრდა ბიჭი გააუპატიურეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით, აბდალაძეს დაემუქრნენ, რომ აღიარებითი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასაც ასევე მოექცეოდნენ
. ამასთან, აბდალაძეს ოჯახის წევრების ლიკვიდაციითაც დაემუქრნენ.
ჩვენი ინფორმაციით, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ზურაბ ქურციკიძეზე ზეწოლა რამდენიმე დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. მას დის და დისშვილების გატაცებით, გაუპატიურებითა და ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ასევე უთხრეს, რომ დედამისს გაუგზავნიდნენ ფოტოებს, სადაც მძიმე კადრები იქნებოდა ასახული.
შსს აბდალაძეზე და ქურციკიძეზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს.
დაკავება
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები – ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (გაზეთ “ალიას” ფოტორეპორტიორი, რომელიც პარალელურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და “ასოშიეითედ პრესთან” თანამშრომლობდა, 7 ივლისის ღამეს დააკავა.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული იყო “ასოშიეითედ პრესის” ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვიც, თუმცა ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. აივაზოვი ამ დრომდე მისი დაკავების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
იმავე დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ სააგენტო “ფრანს პრესს” განუცხადა, რომ დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ძალიან სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებენ. შსს-მ საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაადო.
გედენიძეების აღიარებითი ჩვენებები
9 ივლისს, შს სამინისტრომ ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის აღიარებითი ჩვენებები გაავრცელა. ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენებიდან: “რაც საჯარო სამსახურში მოვედი იგი უფრო დამიახლოვდა, ჩემთან კონტაქტები გაახშირა და შემომთავაზა ფოტოების მიწოდება, პრეზიდენტის ღონისძიებებისა და სტუმრების სტუმრობისას გადაღებული ფოტოების. შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ. რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მან უკვე მოითხოვა ამ მიწოდებული ღონისძიბეებისა და გადაღებულ ფოტოებზე კომენტარის, მინაწერების გაკეთება. შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ამის შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ზურამ მოითხოვა სხვა ინფორმაციების მიწოდება, რომელიც უკვე აღარ შეეხებოდა ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ანუ ფოტოგადაღებებს, უკვე მივხვდი, რომ ეს იყო სპეცსამსახურებთან კავშირში და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს გრძნობა, ვიცოდი, რომ ამ ფოტოებს იგი აგზავნიდა მოსკოვში ფოტოსააგენტოში. მე ვუთხარი ამაზე უარი, რომ ამ ინფორმაციას არ მივაწვდიდი, ეს არ იყო ჩემი მოვალეობა, მაგრამ მან ფოტოებზე გადახდილ თანხებზე მოწერილი ხელი შემახსენა და მითხრა, რომ ამ ინფორმაციას და ხელმოწერას გამოიყენებდა ჩემს საწინააღმდეგოდ ანუ შანტაჟის ენით გამესაუბრა. რაზედაც უკვე შევშინდი და ურთიერთობა გავაგრძელე. ზურამ მომთხოვა საბანკო ანგარიშები ჩემი რათა თანხები გადმოერიცხათ. მიზეზი ის იყო, რომ ხელზე თანხის გადახდა იქნებოდა შემდგომში შეუძლებელი.
ნათია გედენიძის აღიარებითი ჩვენებიდან: “ჩემი მეუღლე ირაკლი გედენიძე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ფოტოგრაფად და იღებდა ფოტოებს პრეზიდენტისა და მაღალი რანგის სტუმრების შეხვედრების. ამ ფოტოებს აწვდიდა თავის ძველ მეგობარს ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ამაში უხდიდა თანხას. ზურაბმა მას თხოვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. ბოლო პერიოდში ასევე ზურამ მოსთხოვა საბანკო ანგარიშის გახსნა, რომ მათი ანაზღაურება არ მომხდარიყო ხელიდან -ხელში”.
აბდალაძის მიმართვა სააკაშვილს
11 ივლისს გაზეთმა “ალიამ” გიორგი აბდალაძის ღია წერილი გამოაქვეყნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე: “ბატონო მიხეილ, მეოთხე დღეა თქვენი უშუალო ბრძანებით პატიმრობაში ვიმყოფები. ოთხი დღეა ვფიქრობ, რამ გაგაღიზიანათ ასე და რისთვის გადაწყვიტეთ ჩვენი დასჯა. თქვენ, რა თქმა უნდა კარგად იცით, რომ არც ერთ ჩვენთაგანს არაფერი დაგვიშავებია და მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. სწორედ ამისთვის ვისჯებით?!
ბატონო მიხეილ! მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ – თავს გავწირავ ჩემი სიმართლისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად. აქედან ან ცოცხალი და მართალი გამოვალ, ან მკვდარი, მაგრამ მართალი! სწორედ ეს გამოაფხიზლებს ქართულ მედიას, საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს ხალხს. მე მართალი ვარ!!! მე ჩემი ქვეყნის საზიანო არასოდეს არაფერი გამიკეთებია!!! ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით!!!”
სოლიდარობის აქციები
ფოტორეპორტიორების დაკავებიდან დღემდე არ წყდება სოლიდარობის აქციები. ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები საქმის გასაჯაროებას და დაკავებულების თავდებით გათავისუფლებას ითხოვენ. 13 ივლისს ქართველი ჟურნალისტები შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოსთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. მინისტრმა ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლებაზე უარი თქვა, საქმესთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ ადვოკატებს დუმილის ვალდებულება არ ჰქონდათ. სინამდვილეში, დაკავებულების დამცველებს ხელი აქვთ მოწერილი ოქმზე, რომლითაც საქმეზე დუმილის ვალდებულება აქვთ აღებული. ფოტორეპორტიორების საქმეს აქტიურად აშუქებს უცხოური მედიაც.
აბდალაძის “აღიარება“
18 ივლისს, შსს-მ გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. ფოტორეპორტიორი ჩვენებაში ყვება, თუ როგორ დაითანხმეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე.
აბდალაძე ამბობს, რომ 2002 წელს, როდესაც გაზეთ “კვირის პალიტრის” ფოტოკორესპონდენტი იყო, რედაქციიდან ერგნეთში მივლინებით გააგზავნეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მძღოლთან ერთად ნეიტრალურ ტერიტორიაზე დააკავეს და სცემეს. წაიყვანეს ცხინვალში, სადაც გაჩხრიკეს და პრეზიდენტის კანცელარიის აკრედიტაცია, ასევე, დიქტოფონი აღმოუჩინეს, რომლითაც მის დაკავებას იწერდა.
აბდალაძის თქმით, ამის შემდეგ უარესად სცემეს. გადასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის ბრალდებული იყო ჯაშუშობაში და ცხინვალის ტერიტორიაზე დივერსიული ოპერაციის ჩატარებაში. ჩვენების მიხედვით, გამთენიისას იგი სხვა ადგილზე გადაიყვანეს, სადაც ორი რუსი სამხედრო დახვდა. მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მძიმე მუხლი ჰქონდათ წაყენებული, რომელიც 9-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, აბდალაძე აღნიშნავს, რომ თუ არ ითანამშრომლებდა მათთან, დაუდეს ძმების, დების ფოტოები და მათი ლიკვიდირებით დაემუქრნენ. თანამშრომლობის შემთხვევაში კი გასამრჯელოს დაპირდნენ.
გამოსვლისას დე ფაქტო უშიშროების მინისტრმა უთხრა, რომ თავისუფალი იყო და ერთგნეთთან ჟურნალისტები დახვდებოდნენ.
ერთი წლის შემდეგ კი, როდესაც სამსახური შეიცვალა და სხვა რედაქციაში გადავიდა, მეტრო “რუსთაველთან” უცნობი პირი შეხვდა, რომელმაც ცხინვალის ხელშეკრულება შეახსენა და უთხრა, რომ იგორ გიორგაძის პარტიას უნდა დახმარებოდა. მან პარტიის მისამართი მისცა და უთხრა, რომ იქ უნდა მისულიყო.
უზუსტობები
ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებაში რამდენიმე უზუსტობა აღმოჩნდა. გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტის ზვიად გურულის განცხადებით, ერგნეთში ფოტორეპორტაჟის გადასაღებად გიორგი აბდალაძე 2000 წელს წავიდა და არა 2002 წელს, როგორც ის ამას პროკურატურის მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ამბობს.
“ეს იყო 2000 წლის მაისის დასაწყისი. მე ვმუშაობდი ჟურნალ “გზაში” ჟურნალისტად. მაშინ ერგნეთის ბაზრობა ძალიან აქტუალური თემა იყო, იქ კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობდნენ. ჩამოვიტანე რეპორტაჟი და ერგნეთში გაიგზავნა ფოტორეპორტიორი მძღოლთან ერთად, ფოტოების გადასაღებად”, – აცხადებს ზვიად გურული.
მისივე თქმით, აბდალაძე ერგნეთიდან იმავე დღეს უნდა დაბრუნებულიყო, რადგან მასალა მეორე დღის ნომერში უნდა დაბეჭდილიყო. მოგვიანებით, რედაქციამ მიიღო ინფორმაცია აბდალაძისა და მძღოლის დაკავების შესახებ.
“შეუსაბამობა რატომ მოხდა აბდალაძის ჩვენებასა და ამ ამბავს შორის არ ვიცი. ჩემთვის მაგალითად, წარმოუდგენელია, ადამიანის ცხოვრებაში ამხელა რამე მოხდეს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურზე მუშაობა დაგავალონ და არ გახსოვდეს, რომელ წელს იყო ეს”, – აღნიშნავს ზვიად გურული.
“კვირის პალიტრის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ზვიად გურული წერს:
2. სურათები – აბდალაძის თქმით, მას წინ დაუწყვეს დედისა და ძმების სურათები, რომლებიც მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ, და დაემუქრნენ მათი ლიკვიდაციით, თუკი ის არ დათანხმდებოდა თანამშრომლობაზე.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია: იჭერენ აბდალაძეს, ცოტა ხანში არკვევენ, რომ გამოადგებათ “შპიონად”, მაშინვე მოიფიქრეს და კაცი გაგზავნეს ქუთაისში, მონახეს მისი ოჯახის წევრები, ჩუმად გადაუღეს სურათები და აბდალაძეს წინ დაუდეს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ერთ ღამეში მოხდა, სწორედ ღამეში და არა დღეში და მაშინდელი იქაური დაზვერვა რომ ამდენს ვერ “გაქაჩავდა”, ამაში გარწმუნებთ – ცხინვალში ჯერ კიდევ ის დრო იყო, რომ სტალინის სურათი ეკიდა მინისტრის კაბინეტში. ერთადერთი შანსი, რომ მათ აბდალაძისთვის სურათები დაეხვედრებინათ, მაშინ იქნებოდა, თუკი რამდენიმე დღით ადრე ეცოდინებოდათ, რომ ის უნდა ჩასულიყო ერგნეთში. ამის შეტყობინება კი მხოლოდ მე შემეძლო. ასე რომ, მობრძანდით, ბატონებო, მეც აგენტი ვყოფილვარ.
ისე, ძალიანაც ნუ იჩქარებთ, რადგან მათი დაკავების კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი: აბდალაძეს სურათები ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადაეღო, მაგრამ მათ ბენზინის იაფად ჩასხმა გადაწყვიტეს და იმიტომ გადავიდნენ ოსების მხარეზე.
3. ცხინვალის ციხის პატიმრები – აბდალაძემ ჩამოსვლისთანავე აღშფოთებულმა განაცხადა ინტერვიუში (“კვირის პალიტრა”, #20, 2000 წელი) ცხინვალის ციხის პირობებზე: წყალი კვირაში ნახევარი საათით; ტუალეტი დღეში ორჯერ 2-2 წუთი; დღეში სამჯერ ცემა და ა.შ. კარგით, ეს აღშფოთება “მასკიროვკა” იყო, მაგრამ ის როგორ უნდა ავხსნათ, რომ იქიდან ჩამოსულმა იმ “გაუფორმებელი” ქართველი პატიმრების, ფაქტობრივად მძევლების სია ჩამოიტანა, რომელთა ახლობლებსაც ისინი დაკარგულები ეგონათ? ანუ თავისი “გადამბირებლები” მაშინვე “ჩაუშვა” და მესამე დღეს გაბედა და ჟურნალისტებთან ერთად ისევ წამოვიდა ცხინვალში – მე რომ პირზე დავადგები, უფრო ვერ შეძლებენ თქვენს მოტყუებასო და მართლაც, როდესაც იქაურმა შს მინისტრმა თავის კაბინეტში მოაყვანინა ქართველი პატიმრები და სისულელეები ალაპარაკა, აბდალაძემ ერთ-ერთ მათგანს ძალით ააწევინა პერანგი და მისი ნაგვემი სხეული დაგვანახა – აი, რატომ ლაპარაკობენ ასეო.
ჩვენ ხომ იქ ვიყავით, ჩვენ ჯანდაბას – “რუსთავი 2” ხომ იყო (სხვათა შორის, მახსოვს, – ნიკურაძე იყო მათგან) და გადაღებული აქვს, როგორ სძულდათ მათ ეს მეტიჩარა ფოტოკორესპონდენტი, რომელმაც ფარდა ახადა იქაურ უმსგავსობას?
რუსი სამშვიდობოებიც კი უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ შემდეგ და იმ პატიმართაგან ერთის გათავისუფლებაც მოხერხდა, დანარჩენებზე თქვეს, – უკვე მისჯილი აქვთ და ვერ გამოვუშვებთო. იმ გათავისუფლებულის ინტერვიუ და იარებიანი სხეულის ფოტო გათავისუფლებისთანავე გამოვაქვეყნეთ (“კვირის პალიტრა”, #23, 2000 წ.) და სერიოზული პრობლემები შეექმნა ამის გამო ოსურ და რუსულ მხარეებს. ესეც აბდალაძის აქტიურობის შედეგი იყო და ამას როგორ ახსნიან? თუ “ორმაგი აგენტი” იყო?
4. გიორგაძის პარტია – ვთქვათ, აბდალაძე სულელია ან მართლა ფეხებზე ჰკიდია, აგენტი იქნება თუ პატრიოტი და ამიტომ მართლა არ ახსოვს, 2000 წელს დაიჭირეს, თუ 2002-ში, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით და დოკუმენტურად დასტურდება, რომ ეს 2000 წელს იყო?! აბდალაძე ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგ მასთან მივიდა უცნობი კაცი და უბრძანა, “პეროვსკაიაზე” მისულიყო, გიორგაძის პარტიის ოფისში. კარგი ბატონო, მაგრამ “პეროვსკაიაზე” რომ გიორგაძის პარტიამ ოფისი მხოლოდ 2005 წელს იქირავა, ამ ამბავს რა ვუყოთ?! სწორედ 2005 წელს შეიქმნა ალიანსი “ანტი-სოროსი”, რომელსიც სხვა სამ პარტიასთან ერთად გიორგაძის “სამართლიანობაც შედიოდა” და თავიანთი თბილისის ორგანიზაციისთვის ახვლედიანის ქუჩაძე (“პეროვსკაიაზე”) იქირავეს ფართი (ცენტრალური ოფისი რუსთაველზე ჰქონდათ, გემოვნებას არ უჩიოდნენ.).
ანუ, რა გამოდის? აბდალაძე 2001 წელს (რადგან თვითონ ამბობს, ერთი წლის მერეო) მივიდა გიორგაძის ოფისში, რაც ნონსენსია, ან მართლა მივიდა 2005-ში, ოღონდ აქ უფრო დიდი სისულელე გამოდის: აბდალაძეს ისევ ერევა თარიღები, მაგრამ აქ “სხვა მასშტაბზე გადის”: ამბობს ერთი წლის მერე მომაკითხესო, სინამდვილეში კი ხუთი წლის შემდეგ(!), (2000-დან 2005-მდე) გახსენებიათ.
5. ანაზღაურება – აბდალაძე რამდენიმე რედაქციას აწვდიდა ფოტოებს, ჩვენთან მუშაობის დროსაც კი იღებდა პატარ-პატარა შეკვეთებს. მოგეხსენებათ, რა დრო იყო – დედა, ბაბუა და უმცროსი ძმები მისი სარჩენი იყვნენ და ამიტომ ძალიან ბევრს მუშაობდა, მაგრამ ესეც ელემენტარული ანგარიშის ამბავია: თუკი ის “გადამბირებლები” თითო სურათში 250 და ხანდახან 800 ევროსაც(!) უხდიდნენ, ასეთი რა კონსპირატორი იყო, რომ ორ, ან თუნდაც ხუთ ლარად ფოტოებს იღებდა, რომლებისთვისაც ხან ღამეს ათენებდა ქუჩაში, ხან კი მღებრიშვილის “ომონელები” თავს უხეთქავდნენ ხელკეტებით (ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც არის ჩვენთან) ?!
დაბოლოს: აბდალაძისა და ბიჩინაშვილის გათავისუფლებას საერთოდ არ ფიქრობდნენ და “წესის მიხედვით”, ანუ ქრთამის სანაცვლოდ აპირებდნენ მათ გამოშვებას, ზურაბ ჟვანიას ამერიკის საელჩო რომ არ შეეწუხებინა, ხოლო შიდა ქრთლის პოლიციის მაღალჩინოსნები – ნოდარ დალაქიშვილი, გელა ცალქალამანიძე და შამილ ხაჩიური პირდაპირ დაემუქრნენ ოსებს, ახლავე თუ არ გაათავისუფლებთ, ჩვენც მძევლებს ავიყვანთო, ეს რომ ზუსტად ასე იყო, დღეს მამუკა არეშიძემაც დამიდასტურა, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული საქმეში”.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ ფოტორეპორტიორებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობენ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეს აღარ განიხილავს.































































