აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება დაწყებულია და პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის დაწყების წინ განაცხადა, სადაც ის რეგისტრაციის პროცესს პირადად აკვირდებოდა.
“ყველა ინფორმაცია, შეჯამების სახით, რაც აბიტურიენტების გამოცდებს ეხება გვექნება 25- ში, რაც შეეხება შედეგებს, იცით რომ ნამუშევრები გადის საკარანტინე პერიოდს, თუმცა ნაშრომების გასწორება დაწყებულია და შესაბამისად აგვისტოს პირველ ნახევარში ჩვენ შეგვეძლება გამოვაცხადოთ პირველადი შედეგები, შემდეგ იქნება აპელაცია და ამის შემდეგ გამოცხადდება საბოლოო შედეგები. აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან დაასრულა საგამოცდო პროცესი, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე აბიტურიენტი, რომელიც 24 რიცხვში დაასრულებს ამ პროცესს”, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.






























































