ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 30 მარტის 18 საათამდეა შესაძლებელი.
გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა. ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.
15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლება.
30 მარტის 18:00 საათზე შეწყდება აგრეთვე რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.