„რაგბის კავშირში არჩევნების წინ არასამართლიანი გარემოა შექმნილი და ყრილობის დელეგატებზე ხმების რაოდენობა არასწორად არის გადანაწილებული“,_ ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ირაკლი აბუსერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბუსერიძე ამბობს, რომ უსამართლობას ის და მისი მხარდამჭერები სამართლიანობით დაუპირისპირდებიან.
აბუსერიძის თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და მისმა გუნდმა ვერ დადეს ის შედეგები, რაც საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ დაანონსებული და 20-წლამდე ნაკრებისა და მსაჯების კვალიფიკაციის გარდა, ყველა სხვა დანარჩენ კომპონენტში ქართული რაგბი რეგრესის გზას ადგას. ეს ეხება მათ შორის, რაგბის ეროვნულ ნაკრებსაც.
აბუსერიძე ასევე საუბრობს, რომ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ გლდანსა და „მზიურში“ მდებარე, კავშირის საკუთრებაში არსებული მიწები გაყიდა.
საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 30 იანვარს გაიმართება.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის აბუსერიძის გარდა, რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი, ბაჩო ხურციძე და მოქმედი პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე იბრძვიან.