საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტ ჯენი კვანტალიანსა და ოპერატორ ანდრო ქაჩიბაიას სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი შექმნილი ვითარების გადასაღებად სარფში დილიდან იმყოფებოდნენ. დეტალების გასარკვევად კი თურქულ მხარეს ცდილობდნენ გადასვლას.
„როდესაც დაინახეს, რომ ნეიტრალურ ზონაში კამერით და მიკროფონით ვიყავით, თურქმა მებაჟეებმა ოპერატორს კამერის ჩამორთმევა დაუპირეს, რაზეც მწვავე რეაქცია მქონდა. მობილურით Facebook Live-ს ჩართვა მოვახერხე, რის შემდეგაც მებაჟეებმა პირადობა წამართვეს. ცემა დამიწყეს, ფიზიკურად შეეხნენ ჩემს ოპერატორსაც“, _ ამბობს ჯენი კვანტალიანი
მისივე თქმით, პირადობის მოწმობის დაბრუნებას დაახლოებით ნახევარი საათი ელოდა. „საქართველოს მოქალაქეებმა დაიწყეს ყვირილი, რომ ჟურნალისტები ვიყავით და ჩემთვის დოკუმენტი უკან დაებრუნებინათ. ატყდა ხმაური. ამის შემდეგ მებაჟეებმა პასპორტი მოგვაწოდეს“, – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი.
მაუწყებლობის დირექტორის ნათია კაპანაძის თქმით, ჟურნალისტების ცემის ფაქტს საკონსულოს წარმომადგენლები სწავლობენ: “ჩვენი ჟურნალისტების ცემასთან დაკავშირებით მივმართე როგორც ქართულ, ისე თურქულ მხარეს. ჩემი ინფორმაციით, საკონსულოს წარმომადგენლები უკვე სწავლობენ ფაქტს”, _ წერს კაპანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.