ერთი კვირის წინ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის სხვადასხვა უბნების მცხოვრებლები შეიკრიბნენ და გააპროტესტეს აჭის წყლის ხეობაში კარიერული წარმოება, კონკრეტულად შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ მუშაობა, რომელიც აქ ინერტულ მასალას მოიპოვებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებმა მოუწოდეს ლიცენზიანტს, მეტად აღარ გაეგრძელებინათ მდინარის ხეობაში ინერტული მასალის ამოღება და მოეხდინათ ადგილმონაცვლეობა, დღეს ისინი მაინც შევიდნენ აჭის წყლის ხეობაში და განაგრძეს ქვა-ღორღის ამოღება.
_შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ მაინც შევიდა აჭის წყლის ხეობაში. ისევ ქურდულად შეიპარნენ, ძირითადად ღამით იღებენ ინერტულ მასალას, გამოაქვთ მოშორებით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე და იქ აგროვებენ, მერე კი გააქვთ. რამდენიმე დღეში სარჩელს შევიტანთ. არაფერი ამათთან არ გადის და სად ვდიოთ ამ რიყეებში? _გვითხრა გარემოს დამცველმა, ლიხაურელმა ირმა გორდელაძემ.
„გურია ნიუსი“ აჭის წყლის ხეობაში, კარიერული წარმოების ადგილზე მივიდა. აქ ერთი ტრაქტორი იდგა, მძღოლი ადგილზე არ იმყოფებოდა, მოშორებით კი, მდინარის გამოღმა ნაპირის სიახლოვეს საკმაო რაოდენობით იყო ხრეშის გორები, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ახლად ამოღებული იყო.
მალე ადგილზე მოვიდა შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი გელა დუმბაძე, რომელმაც ხეობაში კვლავ შესვლის მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ არ მოუძებნეს ადგილმონაცვლე ტერიტორია, სადაც მუშაობას გააგრძელებდნენ.
„გურია ნიუსი“ ვრცლად აღნიშნულ საკითხზე, მალე საგაზეთო სტატიაში უამბობს მკითხველს.