მედიაჩეკერის ინფორმაციით, Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია სივრცე, სადაც მონაწილეებს მზიას ამაღლობელისთვის წერილის მიწერა და 22 დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა შეუძლიათ.
„“ბათუმელები“ არის ყოველთვის Ad Black Sea-ს მედია პარტნიორი…თუმცა წელს იმიტომ რომ, ბათუმი არის მზიას ქალაქი, არის განსხვავებული ფორმატით „ბათუმელები“ წარმოდგენილი, არა როგორც მხოლოდ მედია მხარდამჭერი, არამედ თავისი სივრცის, კუთხის მასპინძელი და მომწყობი. იქიდან გამომდინარე, რომ „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ფაქტობრივად მზიას დანაბარებს – „იბრძოლეთ სანამ გვიან არ არის“-ს ეფუძნება, ეს ორი მთავარი საკითხი: მზიას თავისუფლების მოთხოვნა და მედიების მხარდაჭერა არის გაერთიანებული.
ჩვენ გვაქვს კუთე, რომელიც არის პირდაპირ შემოსასვლელში. ყველა ადამიანი, ვინც მოდის დღეს ღონისძიებაზე, პირველ რიგში ხვდება მზიას, რომელიც ეუბნება „იბრძოლე სანამ გვიან არ არის“ და ჩვენს სივრცესთან ამ ადამიანს შეუძლია რამდენიმე ფორმით დაუჭიროს მხარი და მოითხოვოს მზიას თავისუფლება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – შეუძლია მიწეროს წერილი მზიას, რომელსაც ჩვენ მას შევუგზავნით და მეორე – შეუძლია დაეხმაროს 22 დამოუკიდებელ მედიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ კამპანიის ფარგლებში. წარმოდგენილი გვაქვს QR კოდი, რომელსაც ასკანერებენ მხარდაჭერის და დონაციის მსურველი ადამიანები, თანხას რიცხავენ […]
ასევე, გვაქვს სპეციალური ნომერი, გაზეთი – „მზია ამაღლობელი- სიმართლეში ბრალდებული”. გაზეთში არის „ბათუმელების“ მთელი ისტორია წლებთან მიმართებით და თითოეულ გვერდზე წარმოდგენილია ისეთი გავლენიანი და ხმაურიანი თემები, რომლებზეც უმუშავია გამოცემას წლების განმავლობაში“, – ქეთევან ქავთარაძე, კამპანიის – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ მენეჯერი.
ფესტივალი ბათუმში დღეს დაიწყო. 11-13 სექტემბერს Ad Black Sea უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს.





























































