თამარ ჩხაიძე 17 წლისაა. ფიცრულში, რომელსაც პირობითად სახლი ჰქვია, პატარა ძმასთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლებთან ერთად ცხოვრობს; 4 ადამიანი სამ საწოლს ინაწილებს; ერთოთახიანი ფიცრული, სადაცაა დაინგრევა…
ოჯახს სოციალური დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნეს _ როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, გადამოწმების მიზნით. თუ მიიღებენ საჭირო ქულებს, დახმარებაც დაენიშნებათ და განაცდურიც აუნაზღაურდებათ.
თუმცა, კითხვაზე რა უნდა ქნას ამ დროის განმავლობაში ოჯახმა, პასუხი არავის აქვს.
თამარი ამბობს, რომ წლებია ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობენ. ამბობს იმასაც, რომ დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებასაც სთხოვა, თუმცა, მერმა, იმ მოტივით, რომ მის მშობლებს პენსია და მათ დახმარება ჰქონდათ, უარი თქვა.
ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ჩხაიძეებს სახლის გადასახურად საჭირო მასალა მისცეს და სხვა სახის თხოვნა მათთან არ შესულა. კუჭავა ამბობს, რომ დახმარებისთვის, შესაძლებლობის ფარგლებში, ახლაც მზადაა.
ჩხაიძეების მეზობლები ამბობენ, რომ თუკი ოჯახს დროულად არ გაეწევა დახმარება, შიმშილით დაიღუპებიან.
17 წლის გოგონას საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. კეთილი ადამიანების იმედადაა მისი პატარა, 8 წლის ძმა გიორგიც, რომელსაც დიდი ხანია ტკბილეული არ უჭამია და კარგ სახლზე, ტანსაცმელზე, ველოსიპედსა და სქეიდბორდზე ოცნებობს.
ამ თემაზე ვრცლად იხილეთ: 17 წლის გოგოს სულისშემძვრელი წერილი და ოჯახი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ემუქრება