აფრიკელი ფერმერი 35 წელზე მეტია ტყეს აშენებს.
დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ბურკინა-ფასოში მცხოვრებმა ფერმერმა იაკუბა სავადოგომ ხრიოკი ადგილი ნამდვილ წალკოტად აქცია და დიდ ფართობზე მარტომ მცენარეები გაახარა.
იაკუბამ ამ ტერიტორიაზე ზრუნვა 1980 წელს დაიწყო. ის ძველ მეთოდს იყენებდა – პატარა ორმოებს თხრიდა და კომპოსტით ავსებდა, შემდეგ კი კომპოსტში მცენარეების თესლებს ყრიდა. ორმოები წვიმის სეზონზე წყალს ინახავდა და მშრალი სეზონის განმავლობაში ნიადაგიც ნოყიერდებოდა.
ამ მეთოდით მან 30 აკრი (12,14 ჰა) ტყე გააშენა, სადაც 60 სახეობის ხე ხარობს. დასავლურ გამოცემებში მას იცნობენ, როგორც “ადამიანს, რომელმაც უდაბნო შეაჩერა”.
იაკუბას შესახებ რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმია გადაღებული. როგორც იაკუბა ამბობს, ყოველდღე ესმის მეცნიერებისა და ხალხის ჩივილი, რომ ენატრებათ სიმწვანე, მაგრამ მისი თქმით, ამდენი ჭკუის დარიგების ნაცვლად თითო ნერგი რომ დარგონ, გაცილებით უკეთესი იქნება.