რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, გერმანული კომპანია Adidas-ი რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს. გარდა ამისა, აღარ იმუშავებს ცნობილი ბრენდის ოფიციალური რუსული ონლაინ-მაღაზია.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ბრენდი რუსეთის ბაზარს მიმდინარე კვირის ბოლომდე დატოვებს. კომპანია რუსეთში თავის თანამშრომლებითვის ხელფასის გადახდას გააგრძელებს.
Adidas – ის მიერ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მილიონ ევროს გადაურიცხავს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინიდან გაქცეულ ოჯახებს მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით, ნაღდი ფულითა და თბილი ტანსაცმლით ეხმარებიან. ასევე, ადიდასმა საკუთარი პროდუქცია გადასცა ორგანიზაცია Global Aid Network-საც, რომელიც უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფ ქვეყნის მოქალაქეებს საჭიროებების მიხედვით მოხმარდება.
ცნობისთვის, მანამდე Adidas-მა განაცხადა, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან და ფეხბურთის კავშირთან თანამშრომლობას შეწყვეტს.
უკრაინაში ომის გამო, რუსეთში გაყიდვები უკვე შეაჩერეს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიცაა Nike, Puma, H&M-ი, Sephora, IKEA, Hermes-ი და Fazer-ი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.