ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ტვ პირველის ოპერატორი ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანმა პირებმა უფლებები არ გააცნეს, სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული, ასევე მის მისამართით იყო მუქარა.
“ზაჰესის იზოლატორში მოვინახულეთ ლაშა ჯიოშვილი.
ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი!
უფლებები არ გააცნეს.
სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ.
არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან.
მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.
დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.
პ.ს. პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები”,- წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
ინფორმაციისთვის, გუშინ ღამით ტვ პირველის ოპერატორი ნიღბიანმა პირებმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წაიყვანეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული ჯიოშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.