დღეს, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირათა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.”25 წელი საკმარისია იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს თაობა, მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩვენ შევრიგებულიყავით. სამწუხაროდ გრძელდება გაუცხოვების ეს დიდი პროცესი.”- ეს განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ დღეს გმირთა მემორიალთან გააკეთა.
“მე დარწმუნებული ვარ 25 წელი იქნება ის ზღვარი, საიდანაც დაიწყება უფრო ჯანსაღი მსჯელობა იმისა, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება სოხუმიდან, უფრო ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმება თბილისიდან. ” – დასძინა ყოლბაიამ.
დღესვე გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინით შეამკეს “ახალი საქართველოს” წევრმა გიორგი ვაშაძემ და პაატა დავითაიამ. მათ საქართველოს ერთიანობის ბრძოლისთვის დაღუპულები გაიხსენეს და ქვეყნის მთავარი გამოწვევის დეოკუპაციის აუცილობაზე ისაუბრეს.
აფხაზეთში პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისჯაცი შეეწირა.