ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ნანატრი გზის გასაკეთებლად მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენად უჯდება.
როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ხშირად ზიანდება ბუნებრივი აირის მილები და ზოგჯერ რამდენიმე დღე გაზის გარეშე რჩებიან.
“შაბათ დილას დაზიანდა მილები, გვითხრეს, რომ ორშაბათამდე ვერ გააკეთებდნენ, რადგან უქმე დღეები იყო. რამდენიმე დღე გაზის გარეშე დავრჩით. ორშაბათს შეაკეთეს დაზიანებული მილები და აღდგა გაზის მოწოდება, მაგრამ ამ დილას ისევ დააზიანეს და ისევ უგაზოდ ვართ. საგზაო მშენებლობა მიდის, გზას გვიკეთებენ, რაზეც დიდი ხანი ვოცნებობდით, მაგრამ ამ სამუშაოების გამო ხშირად ზიანდება გაზის მილები. აღარ ვიცით, ეს მერამდენე შემთხვევაა. თან ზაფხულია. აღარც თხევადი გაზით დატენილი ბალონები გვაქვს და აღარც “შუა ცეცხლი”, წავიდა ის დრო, ვერარ დავუბრუნდებით. ვერ გაგვირკვევია გზის გამკეთებლები არიან თუ გაზის გამფუჭებლები, _ ამბობენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
მერის წარმომადგენელი ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ დოლიძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ მიმდინარე სამუშაოების გამო გაზის მილები ხშირად ზიანდება. სოფელ სამებაში მილები ახლაც დაზიანებულია და დღეს უნდა გააკეთონ.
“ამ წუთას სამების ტერიტორიაზე დაზიანებულია გაზის მილები. თვითონ დავუკავშირდი სოკარის თანამშრომლებს და დღეს აღადგენენ. საგზაო სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია. ეს პირველი შემთხვევა არაა, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები, იქ ზიანდება გაზის მილები. შემთხვევები იყო მაგალითად ამაღლების ტერიტორიაზეც, სამების ტერიტორიაზეც. ხდება მიწის მოჭრა, გაჰყავთ არხები და დაუდევრობაა თუ რაა, ვერ გეტყვით, მაგრამ ხდება ასეთი შემთხვევები”,_ ამბობს მერის წარმომადგენელი.