„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აგილ მუსტაფაევი აცხადებს, რომ, თანამოაზრეებთან ერთად, თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ის უარს ამბობს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზეც.
„გადავწყვიტეთ, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ. მიზეზი ისაა, რომ, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციები ისე დამთავრდა, რომ ჩვენსა და პარტიის რეგიონულ წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ მიიღწა. ჩვენ არჩევნების მოგების სულ სხვა სტრატეგია გვქონდა, მაგრამ სულ სხვა გეგმები შემოგვთავაზეს. კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა ლიდერებმა და წარმომადგენლებმა სხვადასსხვა ნაბიჯი გადადგეს. დღეიდან აღარ ვმონაწილეობთ არჩევნებში და აღარ ვმოქმედებთ მასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა აგილ მუსტაფაევმა მარნეულში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, თანამოაზრეებთან ერთად, კვლავ რჩება პარტიაში და მათი პოლიტიკური ლიდერი მუდამ მიხეილ სააკაშვილი იქნება.
2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, აგილ მუსტაფაევი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ, მარნეულის მერობის კანდიდატად იყო წარდგენილი. მოსახლეობას ის „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარუდგინეს. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატთან, ზაურ დარგალთან დამარცხდა.