“ორშაბათს, 9 აპრილს, 20:00 საათზე, მთელი ქალაქი თეატრის წინ იკრიბება რათა ბოლო ღამე გავუთიოთ ჩვენს დაღუპულ ბიჭებს”, _ ამის შესახებ, საზოგადოებას ტყიბულის სამთო-მომპოვებელი კომბინატების თანამშრომლებმა სოციალური ქსელების საშუალებით შეატყობინეს.
„ტყიბული გლოვობს დაღუპულ მეშახტეებს. ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. ტყიბულელები ყოველ დღე ვკარგავთ ამ ქალაქის საუკეთესო ბიჭებს და ვერ ვახერხებთ ამ მოცემულობის შეცვლას. ბოლო 11 თვეში ტყიბულმა 11 მეშახტე დაკარგა, რომლებიც მწამებლური სიკვდილით დაიღუპნენ შახტაში. აქ ადამიანების დაღუპვა და დასახიჩრება ყოველდღიურობად იქცა. ჩვენ ბევრი ტკივილი გვახსოვს. ეს ქალაქი ამას არ იმსახურებს.
ტყიბული პატივს მიაგებს დაღუპული მეშახტეების ხსოვნას. ორშაბათს, 9 აპრილს, 20:00 საათზე, მთელი ქალაქი თეატრის წინ იკრიბება რათა ბოლო ღამე გავუთიოთ ჩვენს დაღუპულ ბიჭებს. ეს ტყიბულის ღირსების საკითხია. გელოდებით ყველას მეშახტეების გლოვის ღამეზე სანთლებით და ყვავილებით“, _ წერია ტყიბულელი მეშახტეების სოციალურ გვერდებზე გავრცელებულ განცხადებაში.
მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით, 4 საათზე მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.