ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც აჭარის რეგიონში ფუნქციონირებადი ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და მისი ექიმების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას შეეხება.
“ახალგაზრდა ადვოკატები” მოუწოდებს აჭარის ა/რ პროკურატურას, დაჩქარდეს საგამოძიებო მოქმედებები, მოხდეს ბრალეული პირების გამოკვეთა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა. ამასთან, ორგანიზაცია საზოგადოებას აცნობებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სარჩელი, რომელიც სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ ზიანის ანაზღაურებას და მარჩენალდაკარგულ არასრულწლოვანის მიმართ სრულწლოვანებამდე რჩენის ვალდებულების მოთხოვნასაც ეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სამართლის ჯგუფმა შეისწავლა სამედიცინო საქმის მასალები, აღდგენილი იქნა გარდაცვლილი ქეთევან კაიკაციშვილის მოპასუხე კლინიკასთან და მოპასუხე ექიმებთან 2024 წლის 28 იანვრიდან 2024 წლის 12 თებერვლის ჩათვლით კომუნიკაციის, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების, დაყოვნების, კრიტიკული მდგომარეობის სრული სურათი. დეტალურად, ქრონოლოგიურად და თანმიმდევრულობით დოკუმენტირდა ქეთევან კაიკაციშვილისა და ოჯახის წევრების ურთიერთობა კლინიკასთან და მოპასუხე ექიმებთან, მოხდა შექმნილი ვითარების კრიტიკული ანალიზი, სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების ქცევის შესახებ მომზადდა დეტალური კვლევა და ანგარიში, რაც ცალსახად ტოვებს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და ექიმების ერთობლივ სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს. ამასთან, აღდგენილი და დოკუმენტირებული იქნა ქეთევან კაიკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარება ბათუმიდან ტრაბზონში გადაყვანისა და დაყოვნების მთელ პერიოდზე.
“2024 წლის 13 მაისს, საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქეთევან კაიკაციშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქმის მასალებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ძირითადი პრეტენზია მიმართულია ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ სამედიცინო პერსონალის – მეან – გინეკოლოგ ჯუმბერ უნგიაძის, მეან – გინეკოლოგ ნათია ზამთარაძის, თერაპევტ მამუკა ბაკურიძის, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგ შორენა ფოცხიშვილისა და მეან-გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგ დიანა ჭანუყვაძის მიმართ, რომელიც არ არის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ექიმი და საქმიანობს სხვა კლინიკაში.
ორგანიზაცია, არსებული კვლევის საფუძველზე აღნიშნავს, რომ როგორც ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაზე პასუხისმგებელი კლინიკის, ასევე ექიმების გაუფრხილებლობით, არასათანადო სამედიცინო დახმარების, არასწორი და მცდარი მკურნალობის, პაციენტის მიმართ აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე, ქეთევან კაიკაციშვილს 2024 წლის 6 თებერვლიდან 12 თებერვლის პერიოდში, განუვითარდა პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, მძიმე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სეპტიცემია, სეპტიური შოკი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის მწ. უკმარისობა, საჭვო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. მოპასუხე კლინიკამ და მოპასუხე ექიმებმა არათუ აღმოფხვრეს პაციენტის წინაშე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ არსებული მწვავე განვითარება და გამოვლინებები არ შეატყობინეს და დაუმალეს პაციენტის ოჯახს, რამაც საბოლოოდ, ქეთევან კაიკაციშვილის დაღუპვა, ახალშობილის კი – გადარჩენა გამოიწვია.
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თანახმად, დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ქეთევან კაიკაციშვილმა გაიკეთა ხელოვნური განაყოფიერება და 14-წლიანი მოლოდინის შედეგად დადგა ფეხმძიმობა, 2023 წლის 7 სექტემბერს, ქეთევან კაიკაციშვილი სამედიცნო აღრიცხვაზე დარეგისტრირდა კლინიკა „მედინაში“. 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვალმდე, პაციენტი თითქმის ყოველთვიურად გადიოდა კონსულტაციას სამედიცინო ცენტრ „მედინაში“. ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია, თუმც მოკლე სახით მიაწოდოს პაციენტის ტრაგიკული ისტორიის შესახებ, ვინაიდან არც ოჯახს და არც საქმის მაწარმოებელ ჯგუფს, არავითარი პასუხგაუცემელი კითხვები აღარ გააჩნია საკითხზე, თუ რას ემსხვერპლა ქეთევან კაიკაციშვილი.
- 01.02.2024 გამთენიისას, პაციენტს აღენიშნებოდა მრავალჯერადი გულის რევა. გამოცხადდა კლინიკის ემერჯენსში და ჩაითვალა, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა ინტოქსიკაციას. ამავე დღეს, საღამოს, 19:38 საათზე, პაციენტს უკვე აღენიშნებოდა ტემპერატურა 37.3., ექიმი კი ფიქრობს, რომ აქვს გრიპი, და პაციენტს პასუხობს, რომ შეეძლო დაელია „კოფოლი“ (KOFOL SF Syrup) ან ლინკასის სიროპი (Linkus syrup) 10 მლ დღეში 3-ჯერ და თუ მოემატებოდა, მისულიყო თერაპევტთან.
- 02.02.2024 პაციენტს აღენიშნებოდა ხველა და ჰქონდა სიცხე. იგი იმყოფებოდა სახლის პირობებში და ღებულობდა ექიმების მიერ მითითებულ პრეპარატებს. პაციენტი იმედოვნებდა, რომ მიღებული წამლების შედეგად გამოკვეთილი სიპტომები აილაგმებოდა.
- 03.02.2024 პაციენტი, ასევე პაციენტის მეუღლე უკავშირდება ექიმს და ატყობინებს, რომ პაციენტს აღენიშნება ხველა და მაღალი ტემპერატურა. მოსმენილი იქნა პაციენტის ფულტვები, სადაც ექიმს არ ჰქონდა კითხვითი ნიშნები. მას გამოუწერეს სიცხის დამწევი – ნუროფენი (Nurofen). პაციენტი ამავე დღეს გაესინჯა ინფექციონისტს, რომელიც განმარტავდა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა ენტეროვირუსი, რომელიც იყო მართვადი და გამოწერა დანიშნულება ორი პრეპარატის სახით და ბორჯომის ინჰალაცია. ვინაიდან მას ურჩიეს გადასხმაც, პაციენტი გადასხმის უზრუნველყოფის მიზნით მიდის „მედინაში“, სადაც არ ჰქონდათ გადასასხმელი სითხე. პაციენტის მეუღლე აფთიაქში იძენს გადასხმის სითხეს და ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტი იკეთებს გადასხმას.
- 04.02.2024 პაციენტს ექიმი უნიშნავს ალერგიული ფონის მოხსნისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს. ასევე, ექიმი ურჩევს პაციენტს რომ დალიოს თბილი სითხეები და თუ უკეთესად არ გახდება, დაწოლილიყო კლინიკაში. პაციენტის მდგომარება გართულდა ღამის საათებში, რაც გამოიხატა გულის რევით, ინტენსიური ხველით, აღენიშნებოდა სიცხე 38,3 მდგომარეობით.
- 05.02.2024 დილის საათებში, პაციენტი გამოცხადდა „მედინაში“ და პირდაპირ შეხვდა ჯუმბერ უნგიაძეს, რომელმაც მოისმინა პაციენტის მდგომარეობა. ექიმს პაციენტის მეუღლემ უთხრა, რომ არსებობდა გამოკვეთილი სირთულეები და გაეკეთებია საკეისრო ოპერაცია, რაზეც ჯუმბერ უნგიაძემ განმარტა, რომ პაციენტს საკეისრო კვეთას ვერ გაუკეთებდნენ, ვიდრე არსებული მდგომარეობა არ დასტაბილურდებოდა. შემდეგ, ჯუმბერ უნგიაძე პაციენტს ამისამართებს თერაპიულ განყოფილებაში, სადაც თერაპევტ-ნეპროლოგი, ექიმმა მამუკა ბაკურიძემ გასინჯა პაციენტი, მოისმინა პაციენტის ფილტვები და აუღო მას სისხლის ანალიზი. ვინაიდან ანალიზის და გასინჯვის შედეგებით, ექიმმა არ ჩათვალა საჭიროდ პაციენტის კლინიკაში განთავსება, რადგანაც ფილტვების მოსმენის შედეგად არ იყო მისთვის გამოკვეთილი საეჭვო მდგომარეობა, მისცა მას რეკომენდაცია სახლში თვითმოვლაზე. პაციენტი, ჩატარებული მანიპულაციების მიუხედავად, იმყოფებოდა რთულ მდგომარეობაში. ამაზე მეტყველებს ამავე დღეს, 05:03 საათზე, მეჯვარე ირმა გ.-სთან პაციენტის ხმოვანი შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ იმყოფებოდა კლინიკა „მედინაში“, არ დაიტოვეს სტაციონარულ განყოფილებაში, თუმცა სიცხე ჰქონდა 38,4 და თავს გრძნობდა ძალიან ცუდად. ამ მდგომარეობის საწინააღმდეგოდ, ამბობს, რომ უნდა გაიკეთოს ანალგინი. პაციენტი იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ხველის დროს იღებს ნახველის მსგავსს შავი მასას და ექიმის პასუხად ამბობს, რომ ეს არ იყო სისხლი. ამ ფაქტის მიუხედავად, ექიმი დამატებით რჩევებს არ იძლევა და პაციენტს აიმედებს, რომ ხვალ უკეთ იქნება.
- 06.02.2024 დილით, პაციენტი მიდის კლინიკა „მედინაში“ და პირდაპირ ხვდება ჯუმბერ უნგიაძეს, რომელსაც დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობისა და განვლილი დღეების სირთულეებზე, რაზეც ჯუმბერ უნგიაძე (ხელის აწევის ჟესტიკულაციით) ოჯახის წევრებს ეუბნება, რომ ეს არ იყო მისი სფერო და ამისამართებს თერაპიულ განყოფილებაში. პაციენტის მეუღლემ ჯუმბერ უნგიაძეს კვლავ სთხოვა, რომ გაკეთებულიყო საკეისრო კვეთა და ჯუმბერ უნგიაძის მხრიდან კვლავ იყო უარყოფითი და კატეგორიული ხასიათის უარი. პაციენტი შევიდა თერაპიულ განყოფილებაში, შეხვდა თერაპევტ-ნეპროლოგ მამუკა ბაკურიძეს, რომელსაც ასევე დეტალურად მიეწოდა 05.02.24 დღის და ღამის განმავლობაში პაციენტის არსებული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, რის შემდეგაც, მამუკა ბაკურიძემ მოისმინა პაციენტის ფილტვები. ექიმმა განმარტა, რომ მოსმენით არ აღენიშნებოდა გართულებები, მაშინ, როდესაც ოჯახი მოითხოვდა პაციენტი განთავსებულიყო სტაციონარულ განყოფილებაში. მამუკა ბაკურიძის განმარტებით, განთავსებისთვის საჭირო იქნებოდა დოკუმენტი, რომელიც განთავსების საჭიროებას დაადასტურებდა. ამიტომ, ამ მიზნით და ოჯახის მოთხოვნითაც, პაციენტზე გადაღებული იქნა რეტგენი. შედეგებმა აჩვენა, რომ მარჯვენა ფილტვზე დაწყებული იყო ანთებითი პროცესი, რაც გახდა საფუძველი, რომ პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში განთავსებულიყო. პაციენტის სტაციონარში განთავსების შემდეგ, ოჯახის წევრები – მეუღლე, რძალი და დედამთილი შედიან ექიმ თერაპევტ-ნეპროლოგ მამუკა ბაკურიძის სამუშაო ოთახში იმის დასადგენად, იყო თუ არა რაიმე ტიპის საშიშროება პაციენტის წინაშე. ექიმი პასუხობს, რომ პაციენტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, არის ჩვეულებრივი, მიმდინარე ანთებითი პროცესი და შედარებისთვის მაგალითი მოიყვნა, რომ ამ დღეს საავადმყოფოდან ეწერბოდა ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა და შესული იყო კლინიკაში ორმხრივი პლერმონიით და საშარდო გზების ინფექციით.
- 07.02.2024 პაციენტი ოჯახის წევრს – რძალს სოციალურ ქსელში წერს, რომ ახველებდა, ბალიშზე თავის დადება უჭირდა, გრადუსიც არ ჰქონდა და მეუღლისგან ელოდებოდა შეგზავნას და მას შემდეგ, რაც სიცხე გაიზომა, აღმოაჩნდა 38,5. ამ მიმოწერით დგინდება, რომ მედიკამენტის მიღება ეთხოვა ექთანს, რომელსაც ექიმთან უნდა გაევლო კონსულტაცია, პაციენტის განმარტებით კი ექთანი „დაიკარგა“. დილით, ოჯახის წევრები გამოცხადნენ კლინიკაში. დედამთილმა შენიშნა, რომ პაციენტს ჰქონდა ფეხები დასიებული და ამ გამოვლინების მიზეზებზე მიმართა ექიმ თერაპევტ-ნეპროლოგ მამუკა ბაკურიძეს. ექიმი განმარტავდა, რომ ფეხების დასიება ორსული ქალებისთვის იყო დამახასიათებელი და ვინაიდან დედამთილის მხრიდან საკითხი მკაფიოდ დაისვა, ექიმის მიმართ შეხსენებული იქნა პაციენტის ისტორია და ისიც, რომ არაფერი არ უნდა გამორჩენილიყო მკურნალობის პროცესში, მამუკა ბაკურიძეს ასეთი დიალოგი არ მოეწონა და თქვა, რომ ყველას თავისი საქმე უნდა გაეკეთებია. დედამთილმა ექიმს ისევ სთხოვა თავმდგმურობა, ვინაიდან პაციენტი გამოკვეთილად ცუდად გრძნობდა თავს და უჭირდა გადაადგილება, რაზეც მამუკა ბაკურიძემ განმარტა, რომ ამ ღამეს თავად იყო მორიგე ექიმი და საჭიროების შემთხვევაში, მასზე უკეთესად ვერავინ მიხედავდა პაციენტს.
- 08.02.2024 პაციენტს დილით აღენიშნებოდა სიცხე 37.2 და ექიმი განმარტავდა, რომ მდგომარეობა იყო სტაბილური. პაციენტმა პირველად ვერ გამოყო შარდი. აღენიშნებოდა ჰაერის უკმარისობა, გაუჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება. დაახლოებით, ღამის 24:00 საათისთვის პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა 39 გრადუსი, რაზეც მორიგე ექიმმა განმარტა, რომ ეს მდგომარეობა – ტემპერატურა კარგი იყო, რადგანაც ორგანიზმი იჩენდა ბრძოლისუნარიანობას. დაახლოებით, 04:30 საათისთვის, გამთენიისას, პაციენტს დაეწყო ძლიერი ხველა, რის შემდეგაც მასთან მივიდა მორიგე ექიმი, გაუსინჯა მას სატურაცია და მოახდინა ჟანგბადის მიწოდება.
- 09.02.2024 პაციენტი ატყობინებს თავისი ოჯახის წევრებს, რომ უპირებდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას. პაციენტი იმყოფება გადასხმის რეჟიმში და შეიქმნა მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი არ ღებულობდა სითხეს. დღის მეორე ნახევარში, ექიმი შორენა ფოცხიშვილი იბარებს ოჯახის წევრებს და აცნობს, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო ურთულესი, მდგომარეობა იყო დამძიმებული, პაციენტს ორივე მხარეს აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვისა და ფილტვის უკმარისობა. უნგიაძე სამუშაო კაბინეტში იბარებს პაციენტის მეუღლეს და ატყობინებს, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გართულებული. ჯუმბერ უნგიაძის მოწვევით, კლინიკაში მიდის ინფექციონისტი ილია ნაკაშიძე, რომელიც პაციენტის მეუღლეს ჯერ კიდევ კლინიკაში მისვლამდე, განუმარტავს, რომ არ გამორიცხავდა პაციენტს ჰქონოდა რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (Acute respiratory distress syndrome (ARDS)) და აღნიშნავდა, რომ ეს იყო ვერაგი დაავადება. კლინიკაში ექიმების მონაწილეობით შედგა შეხვედრა პაციენტის ოჯახის წევრებთან, სადაც ოჯახს განემარტა, რომ წინ იგეგმებოდა ძალიან რთული ოპერაცია, პაციენტი დაიკარგებოდა, თუ არ იქნებოდა ამოღებული პლაცენტა, დაიწყებოდა სისხლდენა და საშვილოსნო ამოსაკვეთი დარჩებოდა. კლინიკა და ექიმები უპასუხოდ ტოვებდნენ კითხვებს, თუ თუ რატომ მივიდა საქმე ამ მდგომარეობამდე, რატომ არ გაკეთდა საკეისრო კვეთა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, კლინიკა რატომ აღმოჩნდა პაციენტის დაღუპვის წინაშე. ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ოჯახის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ბავშვი დაიბადა, პაციენტს შეუნარჩუნდა საშვილისნო და ამოღებული იქნა პლაცენტა. კლინიკის განმარტებით, ბავშვი თავს გრძნობდა დამაკმაყოფილებლად. ამასთან, საკეისრო ოპერაციის შემდეგ, მცირე ხანში, ჯუმბერ უნგიაძე შეხვდა ოჯახის წევრებს და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია წარმატებით იქნა ჩატარებული, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა იქნა დამძიმებული და იმყოფებოდა ჟანგბადის კონცენტრატორებზე მიერთებული (მიეწოდებოდა ხელოვნური ჟანგბადი).
- 11.02.2024 დილა კლინიკაში იწყება პაციენტის დედამთილის ექიმ შორენა ფოცხიშვილთან შეხვედრით და კითხვის დასმით, ხომ არ არსებობდა სეფსისის განვითარების წინაპირობა. მზია თავდგირიძემ შენიშნა, რომ პაციენტი არ გამოყოფდა შარდს (შარდის ტომარა იყო ცარიელი, რის გამოც, მას გაუჩნდა შეკითხვა). შეკითხვაზე შორენა ფოცხიშვილმა უპასუხა, რომ შარდის ტომარა სულ ახლახან იქნა დაცლილი. ასევე, მზია თავდგირიძემ შორენა ფოცხიშვილს ჰკითხა, თუ რატომ ჰქონდა თვალზე წვრილად დაკრული სანტავიკი, რაზეც შორენა ფოცხიშვილმა განმარტა, რომ პაციენტი თვალს ახამხამებდა და სანტავიკის გამოყენება თვალის გუგების დაცვის მიზნით იქნა განხორციელებული. მზია თავდგირიძემ, ასევე შენიშნა, რომ პაციენტს ორივე თვალზე ჰქონდა ყვითელი გამონადენი, რაც ასევე უთხრა შორენა ფოცხიშვილს. ამ ურთიერთობების დროს, პაციენტთან იმყოფებოდა დამხმარე ექიმი გიორგი ესეფაძე, რომელიც პაციენტის მიმართ მაღალი ყურადღებით გამოირჩეოდა. მას თითქოს დამატებითი განმარტების გაკეთებაც სურდა შარდის გამოყოფის საკითხზე, მაგრამ მზია თავდგირიძემ შენიშნა, რომ მოულოდნელად დუმილი ამჯობინა. ექიმმა გიორგი ესეფაძემ მხოლოდ უთხრა მზია თავდგირიძეს, რომ „რაც იცოდა და შეეძლო, იმაზე მეტს აკეთებდა და თუ ოჯახს შესაძლებლობა გააჩნდა, პაციენტი უნდა გაეყვანა ამ კლინიკიდან და გადაერჩინა!“ (სტილი დაცულია). მზია თავდგირიძე შორენა ფოცხიშვილისგან მოითხოვა ახსნილიყო, თუ რა შინაარსის მონაცემები არსებობდა პაციენტის მონიტორზე, რაზეც შორენა ფოცხიშვილისგან მიიღო პასუხად, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა!. როდესაც აღმოჩნდა, რომ პაციენტს ტემპერატურა ესინჯებოდა 39.5, შორენა ფოცხიშვილმა კომენტარი აღარ გააკეთა. ამ დროს, მზია თავდგირიძე, უკვე განწირული ხმით საუბრობდა და მოუწოდებდა ექიმებს, ემოქმედათ პაციენტის გადასარჩენად. აღმოჩნდა, რომ პაციენტს ფეხები ჰქონდა გაყინული და უკვე სილურჯე აღენიშნებოდა.
რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარე ამ ფაქტის პარალელურად, კლინიკაში მოვიდნენ პაციენტის მეგობრები – ირმა გ. და ნინო მ. ისინი ინტერესდებიან, გამოყოფდა თუ არა შარდს პაციენტი და მუშაობდა თუ არა თირკმელი. პაციენტის მეგობრები ამბობდნენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პაციენტს თირკმელი უკვე აღარ უმუშავებდა. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მზია თავდგირიძე რწმუნდება, რომ ცოტა ხნის წინ და წინ დღით, შარდის ტომრის დაცლასთან დაკავშირებით შორენა ფოცხიშვილის განმარტებები წარმოადგენდა სიცრუეს და დაუყოვნებლივ გადის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში და მას პასუხს სთხოვს, თუ რატომ იქნა ოჯახი მოტყუებული. მზია თავდგირიძე ისევ მიდის შარდის ტომარასთან და ერთად ნახულობენ, რომ ტომარა ისევ ცარიელია. ამ დროს, შორენა ფოცხიშვილი იძულებული ხდება აღიაროს, რომ პაციენტი ნამდვილად აღარ გამოყოფდა შარდს.
მას შემდეგ, რაც კლინიკაში თავი მოიყარა ყველა მკურნალმა ექიმმა და ჩატარდა მათი შეხვედრა, რომელსაც ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ (დაახლოებით 20-ზე მეტი ადამიანი. საუბარი მიმდინარეობდა მწვავე დიალოგის ფონზე), მათი, ყველას ერთად საუბრის ერთადერთი თემა იყო, კლინიკა „მედინას“ გარდა, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, პაციენტის გადარჩენის, თუ რა შანსები და რა საშუალებები არსებობდა. ექიმების პირველადი პოზიცია იყო პაციენტის ქ. თბილისში გადაყვანა, მაგრამ ოჯახის წევრებს განემარტათ, რომ გზის სიშორის გამო, პაციენტი შეიძლება ცოცხალი არ დარჩენილიყო. ოჯახმა დასვა საკითხი პაციენტის თურქეთში გადაყვანაზე, რაზეც ჯუმბერ უნგიაძის პოზიცია იყო შემდეგი: „ტრაბზონიდან ხალხი ჩვენთან მოჰყავთ, იმათმა არაფერი იციან“ (სტილი დაცულია).
შეხვედრაზე ილია ნაკაშიძემ განმარტა, რომ ერთადერთი გამოსავალი შეიძლება აღმოჩენილიყო ექმო აპარატზე პაციენტის მიერთება, მაგრამ მაღალი საშიშროება არსებობდა ტრანსპორტირების დროს პაციენტის დაღუპვისთვის. მისივე სიტყვებით, „პაციენტი ლიფტამდეც ვერ მიაღწევდა“ (სტილი დაცულია), მაგრამ ოჯახმა, ამ ვითარებაში, დაჟინებით მოითხოვა პაციენტის გადაყვანა.
თავდაპირველად, განიხლებოდა პაციენტის ქ. თბილისში ტრანსპორტირება. ჯუმბერ უნგიაძე ტელეფონით დაუკავშირდა პირველი საუნივერსიტეტოს კლინიკის დირექტორ ლევან რატიანს. ოჯახისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ლევან რატიანი განმარტავდა, რომ ასეთი რთული პაციენტის მის კლინიკაში გადაყვანას პრინციპული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. დროის ამ მონაკვეთში, ოჯახის და ნათესავების ალტერნატიული მსჯელობის შედეგად, გზის ხანგრძლივობისა და ექმო-აპარატის არსებობის მხედველობაში მიღებით, გადაწყდა, რომ პაციენტი თბილისის ნაცვლად, გადაეყვანათ ტრაბზონში.
- 12.02.2024 ტრაბზონის შავი ზღვის საუნივერსიტეტო კლინიკაში (KTU Farabi Hospital) პაციენტის შესვლა ხდება თურქეთის დროით 20:00 საათისთვის. პაციენტის მოთავსება ხდება კლინიკის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც შეყვანიდან 3 წუთის შემდეგ, მოხდა პაციენტის გულის გაჩერება. მისი არტერიული წნევის აღება ვერ მოხერხდა. პაციენტს სასწრაფოდ ჩაუტარდა რეანიმაცია და აღუდგა გულის რითმი. პაციენტი მიერთებული იქნა ECMO აპარატს. ჩატარდა სისხლის ანალიზები და რეტგენოლოგიური გამოკვლევები. პაციენტის მკურნალი ექიმი ახმედ ჯოშკუნი (Prof. Dr. Ahmet Coşkun ÖZDEMİR) ოჯახის წევრებს, ამავე დღეს ატყობინებს, რომ პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია, რადგანაც მას ერთდროულად აღენიშნებოდა სეფსისი, ბაქტერია და ვირუსი.
- 13.02.2024 – 05.03.2024 – ჩატარებულ გამოკვლევებში, გამოვლინდა ლეიკოციტონის რეგრესია და პერიფერიული და ფილტვის შეშუპების დაქვეითება, ვინაიდან პაციენტი იყო თირკმლის მწვავე უკმარისობით. დაიწყო Cart მკურნალობა და ჩატარდა სისხლის და თრომბოციტეტების ჩანაცვლება. პაციენტმა დაიწყო აუდიო სტიმულებზე რეაგირება. პაციენტს დაუბრუნდა სპონტანური სუნთქვა. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა გულ-მკერდის რენტგენოგრაფიაში. გაგრძელდა ECMO და CRRT მკურნალობა, თუმცა პაციენტის წინაშე პრობლემურ საკითხად რჩებოდა თირკმლის, ფილტვებისა და სისხლში დიდი ოდენობით ინფექციის აღმოფხვრა. ექიმი ახმედ ჯოშკუნი განმარტავდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო დამძიმებული, არსებობდა მისი გადარჩენის შესაძლებლობა და მიმდინარეობდა ინტენსიური მოქმედებები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. 05.03.2024 დილიდან, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. კონცენტრატორი აჩვენებდა 100-ს. დავარდა წნევის მაჩვენებელი – 50/70-ზე. პაციენტს განუვითარდა ინფექცია და მოიწამლა სისხლი. მოწამლულმა სისხლმა ვერ გამოკვება ფილტვი. შესაბამისად, ჟანგბადი აღარ მიეწოდა არც ფილტვს და არც ტვინს, რამაც პაციენტის გადაღლილი ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით განავითარა. შედეგად, ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია გულის გაჩერება – ქეთევან კაიკაციშვილი გარდაიცვალა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2024 წლის 11 მარტს, შეხვედრა შედგა ჯუმბერ უნგიაძესთან. მთავარ კითხვაზე, თუ რატომ დადგა ფატალური შედეგი, რამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება და სად და როდის იქნა დაშვებული შეცდომა, ჯუმბერ უნგიაძემ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად განმარტა, რომ „ადგილი ჰქონდა ხარვეზს. ჩვენ დავუშვით ხარვეზი“ (სტილი დაცულია). ჯუმბერ უნგიაძის განმარტებით, დაშვებული ხარვეზი გამოიხატებოდა თავდაპირველი პაციენტის სიპტომების არაჯეროვან შეფასებასა და არასათანადო სამედიცინო დახმარებაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ქეთევან კაიკაციშვილის მეუღლე მერაბ დიასამიძე (სარჩელის ჩაბარების მიზნით), 2025 წლის 17 ივნისს იმყოფებოდნენ კლინიკაში და შეხვდნენ ექიმებს: ჯუმბერ უნგიაძეს, ნათია ზამთარაძეს, მამუკა ბაკურიძესა და შორენა ფოცხიშვილს, რა დროსაც ჯუმბერ უნგიაძემ დასახელებული ექიმების თანდასწრებით დასმული კითხვის საპასუხოდ კვლავ დაადასტურა 11.03.2024 გამოთქმული პოზიცია პაციენტის წინაშე დაშვებული ხარვეზის თაობაზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სისხლის სამართლებრივი წარმოების პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია მერაბ დიასამიძის სამოქალაქო სარჩელი, როგორც კლინიკის, ასევე ჯუმბერ უნგიაძის, ნათია ზამთარაძის, მამუკა ბაკურიძის, შორენა ფოცხიშვილისა და დიანა ჭანუყვაძის მიმართ, სოლიდარულად, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთან, მოთხოვნილია მარჩენალდაკარგულის გამო არასრულწლოვანისთვის ყოველთვიური სარჩოს დაკისრება. მართალია, ბავშვი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად იღებს 100 ლარის შემწეობას, თუმცა 2015 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 19 ივლისის ჩათვლით, ქეთევან კაიკაციშვილი დასაქმებული გახლდათ შპს “ბათუმის აეროპორტში” გადაზიდვების სამსახურის აგენტის პოზიციაზე. სწორედ 14-წლიანი მოლოდინის შედეგად დამდგარი ორსულობის გამო, იმისთვის, რომ სათანადოდ მომზადებულიყო მშობიარობისთვის, ქეთევან კაიკაციშვილმა 2023 წლის 18 ივლისს განცხადებით მიმართა დამსაქმებელ ორგანიზაციას და მოითხოვა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა. აღნიშნული მიზეზი და საფუძველი დადასტურებული აქვს დამსაქმებელ ორგანიზაციას მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართ 2024 წლის 5 ივნისის წერილით. კერძოდ, წერილში აღნიშნულია, რომ „კომპანიისთვის ცნობილი იყო, რომ ქეთევან კაიკაციშვილის შრომით ურთიერთობებზე უარის მიზეზი იყო ორსულობისთვის მოსამზადებელი მკურნალობის პროცესის გართულების თავიდან არიდება. ის იყო დიდი ხნის გამოცდილი თანამშრომელი. შესაბამისად, კომპანია გამოხატავდა მზადყოფნას სამომავლოდ ხელახლა დასაქმებულიყო იმავე პოზიციაზე დასაქმებულის მიერ ნების გამოხატვის შემთხვევაში”.
მხარე, წინამდებარე დავის ფარგლებში ადასტურებს, რომ ქეთევან კაიკაციშვილის სიკვდილი დამდგარია მოპასუხე დაწესებულებისა და მოპასუხე ექიმების გაუფრხილებლობით, არასათანადო სამედიცინო დახმარების, არასწორი და მცდარი მკურნალობის, პაციენტის მიმართ აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე. შესაბამისად, მხარე მიზანშეწონილად მიიჩნევს დაიცვას სარჩოს მიმღები პირის – არასრულწლოვანი შვილის ინტერესები და მოპასუხეებს დაეკისროთ სარჩოს გადახდა მარჩენალის გარდაცვალების დროიდან – არასრულწლოვანის სრულწლოვანებამდე. ასეთ დროს, სწორედ მხედველობაშია მისაღები მარჩენალის შემოსავალი, რომელიც მას ფულადი სახით ერიცხებოდა და დამსაქმებელი ორგანიზაცია თანხმობას აცხადებდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა აღდგენილიყო. რაც შეეხება ფინანსურ ზიანს, მოსარჩელე აღმოჩნდა რთული ფინანსური და ეკონომიური მდგომარეობის წინაშე და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის ხარჯების გარდა, გაიღო მნიშვნელოვანი ხარჯი: მკურნალობის, მედიკამენტების შეძენის, ტრანსპორტირების, სამედიცინო დამხმარე პერსონალის, გადმოსვენების, დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, სხვა მასთან დაკავშირებული საჭიროებების უზრუნველყოფის, რაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირით, სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, მოთხოვნილია სოლიდარულად დაეკისროს კლინიკას და მოპასუხე ექიმებს”,_ წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ქეთევან კაიკაციშვილის საქმეზე საჯარო ინტერესის შექმნა ემსახურება სამართლიანობის აღდგენას. ორგანიზაციას გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება, თუ რამდენად დაუცველია პაციენტის უფლებები და რთული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა თითოეულ ფატალურ სამედიცინო შემთხვევაზე. ხშირ შემთხვევაში, დაზარალებული ოჯახი ვერ ახდენს დარღვეული უფლების რეალიზებას, ვერ მოიძიებს სამართლებრივ მრჩეველს, ვერ ახდენს ადვოკატის დაქირავებას, დამოუკიდებლად არ შესწევს ძალა მოიძიოს საჭირო დოკუმენტაცია და მოამზადოს სარჩელი. იმყოფება სტიგმატირებული შეხედულებების ქვეშ, როდესაც საკითხი შეეხება კლინიკის ან რომელიმე ექიმის კავშირებს, ძალაუფლებას, არ აქვს ნდობა გამოძიების ან სასამართლოს სამართლიანობის მიმართ. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ამჯობინებს უარი თქვას სამართლებრივ დავაზე ან სასამართლოს გარეშე შეუთანხმდეს კლინიკას, ექიმს. ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ კლინიკის, ექიმებისა და საზოგადოების საყურადღებოდ განმარტავს, რომ ქეთევან კაიკაციშვილის საქმეს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის აქვს პრინციპული მნიშვნელობა და ნებისმიერი ფაქტი, პოზიცია და შედეგი იქნება გამოვლენილი, შეფასებული და ცხადი, რათა კანონიერების პრინციპის დაცვით, ერთის მხრივ მოხდეს განსაზღვრული (დამსახურებული) პასუხისმგებლობის დაკისრება, მეორეს მხრივ დაზარალებული ოჯახისთვის დამდგარი ნეგატიური შედეგების აღმოფხვრა.
ქეთევან კაიკაციშვილის სამოქალაქო სამართალწარმოებას პირადად ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმართავს, ხოლო სისხლის სამართალწარმოებას ოჯახის ინტერესების დამცველი, ადვოკატი – ნიკა სადრაძე. როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს არაერთი მამხილებელი დოკუმენტი მიეწოდა.































































