არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, უკვე მეოთხე თვეა ახორციელებს მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობით COVID 19-ის გამოწვევების საპასუხოდაა მიმართული.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება მოხალისეობრივი გზით, პროექტის ფარგლებში სათანადო ცოდნის მიღება და უნარ–ჩვევების გამომუშავება, შედეგად კი საინტერესო მოხალისეობრივი აქტივობების დაგეგმვა.
პროექტში ჩართულმა 150-ზე მეტმა მოხალისემ უკვე გაიარა პროფესიონალური ტრენინგები, რის შემდეგაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს პროექტების განხორციელება. მოხალისეობრივი აქტივობები ხორციელდება გურიაშიც. “ჰელფინგ ჰენდის’’ ცნობით, ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოხალისე _ ასკანის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე თაზო ჯოჯუაა.
თაზოს ინიციატივით აგვისტოს თვეში ამოქმედდა: „არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა“ რომლის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროს წამომადგენლებისა და საინტერესო სპიკერების მონაწილეობით, ჩატარდა ოცამდე საგანმანათლებლო შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდებთან.
თაზოს კიდევ ერთი პროექტი _ „COVID-19 ზოგი ჭირი მარგებელია“ – “ჰელფინგ ჰენდის’’ შიდა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა. პროექტის ფარგლებში ასკანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური და შემოქმედებითი კონკურსები და სპორტული შეჯიბრებები. ღონისძიებების მიზანი იყო: არსებულ ვითარებაში მოზარდების მოტივაციის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა, გუნდური მუშაობის პრაქტიკის დანერგვა, საპრეზენტაციო და საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევების გამომუშავება და ა.შ. აღნიშნული ღონისძიებების გარდა, მისი ორგანიზებით ჩატარდა ესეების კონკურსი ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით, 50-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო, საუკეთესო ნაშრომები კი სპეციალურმა ჟიურიმ _ ლადო აფხაზავამ, ანა თავხელიძემ, თიკო მესხმა და მარიამ მიქაძემ გამოავლინეს.
აქტიური მოხალისე გურიიდან თაზო ჯოჯუა ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობით კარგი გამოცდილება მიიღო და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ ღონისძიებას გეგმავს როგორ ადგილობრივი, ისე სხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით და ჩართულობით.
(R)