ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომლიც ბიზნესის, სასამართლოს და ხელისუფლების ორგანოების ურთიერთობის საკითხებს შეეხება, რაც კონკრეტული საქმის ფარლებში, სასამართლოს სავარაუდო დაინტერესების, კორუფციის დაშვების და უკანონო გადაწყვეტილების შენარჩუნების საფრთხეს ზრდის. ორგანიზაცია წარმოადგენს ხედვას, მოხდა თუ არა აჭარაში მოქმედი სამშენებლო დეველოპერების დაზარალება, რა ფარული და ღია შეთანხმებები შეიძლება არსებობდეს კომპანია „ორბი ჰოლდინგის“ საქმეზე და ქმნის თუ არა სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილება ერთი ბიზნეს-ჯგუფის მეორე ბიზნეს-ჯგუფზე მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას, კომპანიის ხელოვნურად გაკოტრების სქემას, რაც ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმე ეხება აჭარაში მოქმედ ცნობილ დეველოპერებსა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავას, რომელის შედეგები, ყველა ასეთი კატეგორიის დავაზე შეიძლება გახდეს არასწორი სასამართლო პრაქტიკის საფუძველი და ბიზნესს-პარტნიორებს შორის, ნდობის ნაცვლად, თვალთმაქცური გარიგებების რისკი გაზარდოს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო გადაწყვეტილებების საზოგადოებრივი კონტროლის ფარგლებში, შპს „ორბი ჰოლდინგის“ საქმეზე მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. კერძოდ, დგინდება, რომ შპს „ორბი ჰოლდინგი“ 2017 წლის 31 ივლისიდან ბიზნესმენების: ჯემალ ბათაძისა და ომარ სირაბიძის გადაწყვეტილების საფუძველზე აჭარაში მოქმედ ცნობილ დეველოპერულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც შეიქმნა ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე არსებული მიწის ნაკვეთების შეძენისა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით.
რომან სირაბიძის განცხადებით, კომპანიის პარტნიორებს შორის, 2019 წლის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა რთული ურთიერთობები. კერძოდ, ჯემალ ბათაძის მხრიდან კომპანიის ახალი პარტნიორის – რომან სირაბიძის მიმართ ადგილი ჰქონდა დიდი ოდენობით თანხის მიღების მცდელობას. ჯემალ ბათაძემ სცადა რომან სირაბიძის დარწმუნება, რომ მიწის ნაკევთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის ქ. ბათუმის მერიაში შესათანხმებლად თითქოსდა საჭირო იყო ფინანსური უზრუნველყოფა, რაც რომან სირაბიძის მხრიდან არ იქნა გადახდილი. რომან სირაბიძის განმარტებით, ჯემალ ბათაძე მას არწმუნებდა, რომ ე.წ. „ფინანსური საჩუქრის“ გარეშე სამშენებლო ნებართვები არ გაიცემოდა, რასაც რომან სირაბიძე არ დასთანხმდა. 2019 წლის 26 ივლისის ქ. ბათუმის მერის ბრძანებით, შპს „ორბი ჰოლდინგის“ მოთხოვნა კანონმდებლობის სრული დაცვით დაკმაყოფილდა – კომპანიამ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება მიიღო. რომან სირაბიძის განმარტებით, აღნიშნულმა ფაქტმა ჯემალ ბათაძის არაკეთილსინდისიერება თვალსაჩინო გახადა და ზემოაღნიშნული ქცევა ბიზნეს-პარტნიორის მხრიდან დიდი ოდენობით თანხის უსაფუძვლოდ მიღების მცდელობად შეფასდა, რამაც პარტნიორებს შორის დამოკიდებულებები შეცვალა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2019 წლის 27 აგვისტოს, ამჟამად კომპანიაში სამი თანაბარწილის მქონე პარტნიორის პირობებში, ორი პარტნიორის: ჯემალ ბათაძის და რ.ხ.-ს მიერ მოწვეული იქნა კრება, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სურდათ კომპანიის საწესდებო კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნება. კომპანიის მაშინდელი დირექტორი განმარტავდა, რომ შპს-ს არ გააჩნდა თანხები პარტნიორთათვის უკან დასაბრუნებელი თანხის ასანაზღაურებლად. ამიტომ, კრებამ გადაწყვიტა უპროცენტო სესხის – 96,580 აშშ დოლარის აღება თურქეთის მოქალაქე, ჯემალ ბათაძესთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის – შენოლ დერიასგან. ამავე თარიღში, გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა სესხის ხელშეკრულებაც. ამავე თარიღში, 2019 წლის 27 აგვისტოს კომპანიის პარტნიორმა რ.ხ-მ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, კომპანია მას საკუთრებაში გადასცემდა 400 კვ.მ საცხოვრებელ ფართს. ამ მოქმედებებიდან 2 დღეში, ჯემალ ბათაძის ნდობით აღჭურვილი შპს-ს დირექტორი ახალი დირექტორით შეიცვალა, რომელიც ჯემალ ბათაძის ინტერესებს აღარ გამოხატავდა. 2019 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული იქნა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციების პროპორციულად, ჯემალ ბათაძემ წილის დათმობის სანაცვლოდ მიიღო 99,501 აშშ დოლარი, ხოლო რ.ხ-მ 48,430 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ყოფილ პარტნიორებს პირადად გადაუხადა მათი წილის ახალმა შემძენმა – რომან სირაბიძემ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება შემდეგი – 2019 წლის 30 დეკემბერს, სრულიად მოულოდნელად, აღმასრულებლის წერილის საფუძველზე, შპს ორბი ჰოლდინგის“ ახალი მენეჯმენტისთვის ცნობილი გახდა, როგორც 2019 წლის 27 აგვისტოს ყოფილი პარტნიორების მხრიდან განხორციელებული მოქმედებების თაობაზე, ასევე სასესხო ვალდებულების გამო კრედიტორ შენოლ დერის მიერ სააღსრულებლო წარმოების თაობაზე. შედეგად, აღსასრულებლად მიექცა კომპანიის საუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო ქონების შემძენი გახდა კომპანიის ყოფილი პარტნიორის – რ.ხ-ს ოჯახის წევრი – ძმა. ამასთან, თავის მხრივ, რ.ხ-ს მიერ აღძრული იქნა თანხის დაკისრების სარჩელი, რომლითაც კომპანიის მხრიდან გადასაცემი 400 კვ.მ ფართის ღირებულების ანაზღაურებას მოიცავს.
2025 წლის 7 ნოემბრის ბრიფინგზე, შპს „ორბი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა რომან სირაბიძემ განაცხადა, რომ ჯემალ ბათაძემ მიზნად დაისახა კომპანიის ფინანსური განადგურება და პირადი შურისძიება. კომპანიამ საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით მიმართა სასამართლოს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომან სირაბიძის განმარტებით, მასთან ჯემალ ბათაძის ნდობით აღჭურვილი პირი გამოცხადდა და აცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაესაჩივრებინა. სამართლებრივი ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდებოდა. ჯემალ ბათაძეს გააჩნდა პირდაპირი კონტაქტები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასამართლოს ინსტანციური გადაწყვეტილებები ჯემალ ბათაძის მხრიდან ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო. რომან სირაბიძე, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ აღარ რჩება სხვა აზრი, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი კი არწმუნებს, რომ ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი სასამართლო სისტემასთან ფარულ კორუფციულ გარიგებას. ამასთან, რომან სირაბიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ წერილობითი ფორმით იქნა გაცხადებული სამართალდამცავ ორგანოებში, თუმცა საქმეზე წარმოება შეწყდა, რაც ჯემალ ბათაძის კავშირების შედეგს უწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოების ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით გაოგნებულია და აღნიშნავს, რომ სასამართლოს სამართლებრივი მოტივაცია კრიტიკას ვერ უძლებს. კერძოდ, სარჩელის შპს „ორბი ჰოლდინგის“ სასარგებლოდ დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველია მომჩივანის იურიდიული ინტერესის არარსებობა, მაშინ, როდესაც სადავო გარიგებები ექცევა კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებების ქვეშ, წარმოადგენს თვალთმაქცური და მოჩვენებითი ნების შედეგს და მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აყენებს სამართლისა და სასამართლოს შეხედულებებს ასეთი ტიპის სხვა ფაქტების შეფასების მიმართ.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 27 აგვისტოს პარტნიორთა კრებაზე მოწვეული არ ყოფილა კომპანიის თანაბარი ხმისა და უფლებამოსილების მქონე პირი. შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობა შეჩერებული კომპანიისთვის სესხის აღების გადაწყვეტილებას სჭირდებოდა პარტნიორთა კრების სრული მხარდაჭრა, რაც ვერ გამართლდება დირექტორის იმ უფლებამოსილებით, რომელიც გარიგებების ხელმოწერის შესაძლებლობას გულისხმობს.
ამასთან, კომპანიასა და შენოლ დერიას შორის შემდგარი სესხის ხელშეკრულების გასტუმრების პერიოდი მოიცავს 3 თვეს და სარგებლის გარეშეა. აღნიშნული პირობა ცალსახად გამოკვეთს მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების ფიქტიურ ხასიათს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელია მთავარი გარემოებაც, თუ რა მიზანს ემსახურებოდა კომპანიის მხრიდან სესხის აღების ფაქტი, როდესაც ბიზნეს-დავაში მონაწილე ყველა მხარე ცალსახად აღნიშნავს, რომ კომპანია 2019 წლის აგვისტოს თვის მდგომარებით, სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდა და წარმოადგენდა მხოლოდ ბრენდს. შესაბამისად, კომპანიას არ ჰქონდა არავითარი სხვა ვალდებულება, რომელიც სესხის სახით 96,580 აშშ დოლარის ვალდებულების აღებას მოითხოვდა. შესაბამისად, თავიდანვე განჭვრეტადი იყო რეალობა, რომ კომპანია რეალური სასესხო ვალდებულების პირობებში მიღებულ თანხას ვერ გაისტუმრებდა, რაც ობიექტურ პირობებში, კომპანიის არც ერთი პარტნიორის ინტერესებში არ უნდა შესულიყო, მაგრამ მოხდა საწინააღმდეგოდ.
შენორ დერია ვერ ჩაითვლება გარიგების კეთილსინდისიერ მხარედ. ეს მით უფრო იმ კონტექსტში, როდესაც სასამართლო სხდომის ოქმებით დადგენილია შენორ დერიას აღიარება, რომ სესხის თანხა რეალურად არ გადაუცია კომპანიისთვის. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ სესხის თანხის ნაღდი სახით არსებობა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების წესითაა მითითებული საქმეზე და არა – უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რაც დამატებითი ადასტურებს კომპანიის ყოფილი პარტნიორის, ჯემალ ბათაძისა და სხვების წინასაწრ განჭვრეტად მიზნებს. ორგანიზაცია საქმის მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სასესხო ვალდებულების ფორმალურად წარმოქმნის მიზანს კომპანიიდან მიმავალი პარტნიორთა ერთი ჯგუფის კომპანიისა და კომპანიაში დარჩენილი სხვა პარტნიორების ინტერესების საზიანო და განზრახ მოქმედებას წარმოადგენდა. ამდენად, საერთო სასამართლოებში წარმოებულ საქმეებზე უკიდურესად ტენდენციური და ბიზნესის ინტერესის საწინააღმდეგო შედეგი, ისევე, როგორც სისხლის სამართლის წესით წარმოებულ საქმეზე შეწყვეტილი სამართალწარმოება, „ორბი ჰოლდინგის“ მოქმედი მენეჯმენტის წყაროს საფუძველზე, ტოვებს წარმოდგენას, რომ განპირობებული შედეგები, შესაძლებელია, ბიზნესმენ ჯემალ ბათაძისა და კომპანიის ყოფილი პარტნიორების, სასამართლო სისტემასთან და პროკურატურასთან პერსონალური კონტქტების შედეგი იყოს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საერთო სასამართლოების სისტემას, უწინარესს ყოვლისა, საქართველოს უზენაესს სასამართლოს საქმეზე განახორციელოს სრულფასოვანი, დასაბუთებული და მხარეთა თანასწორუფლებიანობის ქვეშ არსებული კონტროლი. სასამართლოს მომავალი შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ბიზნესის დაცვას და არა – ბიზნესის ჩაგვრას. ამასთან, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა წარმოებული დასახელებული საქმის ფარგლებში ფართო გახდეს სისტემური პრობლემების აღმოფხვრის საშუალებები. ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმის შესწავლა განახორციელოს საქართველოს სახალხო დამცველისა და ბიზნეს-ომბუდსმენის პარატებმა, რაც ხელს შეუწყობს სადავო საკითხებზე მეტ გამჭვირვალობას. ამასთან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შპს „ორბი ჰოლდინგის“ ყოფილი პარტნიორების ქმედებათა შეფასებით დაინტერესდეს საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ცნობისთვის: საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძის მიერ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში – ლაურა მიქავას თავმჯდომარეობით. ამჟამად, საქმეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს.




































































