მთავრობა რეგიონებისთვის 154 ახალ ავტობუსს შეიძენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერი -მინისტრმა განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, “ისუზუს” მარკის თანამედროვე, 8 მეტრიანი 154 ახალი ავტობუსი მთავრობას 53 მილიონი ლარი დაუჯდება.
„ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც გადავიხდით 53 მლნ ლარს. ეს იქნება „ისუზუს“ მარკის, თანამედროვე, 8-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მოემსახურება. მოგეხსენებათ, არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან, კომფორტთან, ამიტომ ეს პროცესი დაიწყო, მიმდინარეობს და ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო კომფორტული იყოს ჩვენი ხალხის გადაადგილება.
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, იგეგმება რეფორმა საავტომობილო-სამგზავრო გადაადგილების მიმართულებით ქვეყნის შიგნით.
„გახსოვთ, წინა კვირას ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენ ამის თაობაზე ბატონი ლევან დავითაშვილიც გესაუბრათ. ეს რეფორმა შეეხება საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ ქალაქებში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები. ამას სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები. ჩვენ რა თქმა უნდა, მივცემთ გონივრულ ვადებს ამ ავტოსადგურების მფლობელებს. ასევე, გადამყვან კომპანიებს თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს. აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის გადაყვანა, მგზავრობა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. აქ ეკოლოგიაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ ხალხის გადაყვანა ხდება ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის გადაკეთებული, რაც რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო და მეორეს მხრივ, ძალიან არაკომფორტულია. მე პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. უსაფრთხოებაზე და შემდეგ კომფორტზე. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა. ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ჩანაცვლდეს, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსები და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც წელიწად-ნახევარში და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.