როგორც “ნეტგაზეთი” იუწყება, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი „ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი კენჭს უყრის სხვა სუბიექტების მიერ წარსადგენ საზოგადოებრივი მუწყებლის მეურვეობის კანდიდატებს, ომბუდსმენის კვოტით წარსადგენზე ახალი კონკურსი გამოცხადდება.
“ახლა ვეღარ დაასახელებს. ამ ყველაფერს თავისი ვადები და წესი აქვს. რახან ასეთი რამ მოხდა, ახალი კონკურსი გამოცხადდება ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება და შემდეგომ სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა, თავიდან დაასახელოს თავისი კანდიდატურა,” _ გვეუბნება გიორგი კახიანი.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 16 მარტს პარლამენტს მაუწყებელს მეურვის პოსტზე ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა, მას შემდეგ, რაც დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, მან კანდიდატურა მოხსნა.
რადგან ლომჯარიამ უკან გაიწვია კანდიდატი, პარლამენტი ზვიად დევდარიანს კენჭს აღარ უყრის. შესაბამისად, პარლამენტი ჯერ კენჭს უყრის უმცირესობის მიერ დასახელებულ ნინია კაკაბაძეს; აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატ ბესიკ ლილუაშვილს და უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატებს – ზაზა შათირიშვილს, ია მამალაძეს და მალხაზ ასლამაზიშვილს; შემდეგ კი საპარლამენტო კომისია ხელახალ კონკურსს გამოაცხადებს და აირჩევს კანდიდატებს, საიდანაც ომბუდსმენმა უნდა ამოარჩიოს კანდიდატურა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.