ახალზელანდიელებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა გადაწყვიტეს, რომ ცხვრის კრეჭვა ოლიმპიური თამაშების საჩვენებელ პროგრამაშია შესატანი. სამხრეთ ნახევარსფეროს ეს ქვეყანა რომ ერთ-ერთი მოწინავეა ცხვრის ექსპორტით, არახალია. მერინოსის ჯიშის ცხვარს მადლიერმა ზელანდიელებმა ძეგლიც კი დაუდგეს. ასე რომ, უჩვეულოდ არ უნდა მოგვეჩვენოს მათი სურვილი თუ მოთხოვნა – ცხვრის კრეჭვა ოლიმპიურ თამაშებზე საჩვენებელ სპორტის სახეობად შეიტანონ. ახალზელანდიელი ფერმერები ამბობენ, დროა, ეს დისციპლინა მსოფლიო არენაზე გავიდეს. აქაოდა, ცხვრის კრეჭვა არაფრითაა ნაკლები ფეხბურთზე თუ ჩოგბურთზეო.
ახალ ზელანდიაში ცხვრის კრეჭვა მეტად პოპულარული სპორტის სახეობაა. ქვეყანაში ტრადიციულად ეწყობა ეროვნული ჩემპიონატები, რომელსაც ფართოდ აშუქებენ საინფორმაციო საშუალებები და როგორც ირკვევა, ამგვარ სანახაობებს საკმაოდ ჰყავს ტელეაუდიტორია.
ამ საქმეში იმდენად არიან დახელოვნებული, რომ წლეულს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას (!) გეგმავენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უმთავრესი მიზანი სპორტის ამ სახეობის გაოლიმპიურება და შემდგომ მის პროგრამაში ადგილის დასამკვიდრებლად გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამენ. ოლიმპიურ თამაშების პროგრამაში თუ არა თანამეგობრობის თამაშების პროგრამაში მაინც, რომელიც ასევე ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და რომელშიც ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომელიც ოდესღაც ბრიტანეთის იმპერიაში შედიოდა.
“დროა ცხვრების კრეჭვა მსოფლიო ასპარეზზე გავიტანოთ, – ამაყად აცხადებს ახალი ზელანდიის ფერმერთა ფედერაციის ხელმძღვანელი ჟანეტ მაკსველი, – „თუ შევძლებთ ცხვრის კრეჭვისა და მკრეჭავთა სტატუსის ამაღლებას, ყოველივე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ინდუსტრიაზე”.
ავტორი