მმართველი გუნდის წევრი, რუსთავის მაჟორიტარი პაატა მხეიძე ,,გურია ნიუსს“ ახალი ფაქციის შექმნის მოტივებსა და ძირითად შემადგენლობაზე ესაუბრა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ახალი ფრაქციის შემადგენლობაში, რომელსაც გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, შევლიან გოდერძი ჩანქსელიანი, ილია წულაია, ირაკლი ხახუბია, ოთარ დანელია, თამაზ ნავერიანი და სხავნი. როგორც პაატა მხეიძე აცხადებს, ფრაქციის სახელწოდება ,,ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ ან ,,ქართული ოცნება – განვითარებული ეკონომიკა“ იქნება. მმართველი გუნდის წევრის თქმით, კონსულტაციების შედეგად, ერთ-ერთ სახელწოდებაზე შეჯერდებიან.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება ,,ქართული ოცნების“ გუნდში დაპირისპირების შედეგია, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლე არ არის. მთელი პრინციპულობით გეუბნებით, დაახლოებით, ორი თვის წინ გაგვიჩნდა ფრაქციების ჩამოყალიბების იდეა, რის შესახებაც ,ქართული ოცნება“ საქმის კურსში ჩავაყენეთ. კონსულტაციები ბოლომდე არ არის დასრულებული, ლაპარაკია 9-12 კაციანი ფრაქციის შექმნაზე, რომლის შემადგენლობაში ჩემ გარდა შევლენ: გოდერძი ჩანქსელიანი, ილია წულაია, ირაკლი ხახუბია, ოთარ დანელია, თამაზ ნავერიანი და სხვანი, ფრაქციას კი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის სახელწოდება იქნება ,,ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკა ან ,,ქართული ოცნება-განვითარებული ეკონომიკა, ერთ-ერთიდან რომელიმეზე შევჯერდებით. პირველ რიგში, გეტყვით, რომ მიზანი, რის გამოც პარლამენტის ხელმძღვანელობამ ახალი ფრაქციების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, არის ის, რომ 10-15 დეპუტატიანი ფრაქცია შედარებით ოპტიმალურად სამართავია, ვიდრე 69-კაციანი ფრაქცია. მე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარების გარეშე არ წარმომიდგენია ქვეყნის განვითარება. ასეთ საკითხებში ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფრაქციაში ერთიანდებიან, ბიზნესში ჩართულობის მხრივ გარკვეული გამოცდილება აქვთ, რაც მისასალმებელია. გეტყვით, რომ, ჯერჯერობით, კონსულტაციები ბოლომდე დასრულებული არ არის, დღეს უცხოეთიდან ვბრუნდები და კონსულტაციები ამ დღეებში გაგრძელდება“, _ განაცხადა პაატა მხეიძემ.