დღეს ოზურგეთში ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. მინისტრი კოლეჯ „ჰორიზონტის“ სააქტო დარბაზში გურულ მეწარმეებს შეხვდა. მინისტრმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის ახალი საგადასახადო ინიციატივის პრეზენტაცია წარადგინა. მან თქვა, რომ ეს არის მსოფლიო პარაქტიკაში უნიკალური მოვლენა, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ახალი საგადასახადო რეჟიმი 120 000 მეწარმე-ფიზიკურ პირს, ანუ ყველას შეეხება. მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა შემოსავალი წლის განმავლობაშო 500 000 ლარამდეა. დღემდე ეს რიცხვი 100 000 ლარით განისაზღვრებოდა. მინისტრის თქმით, ახალი საგადასახადო ინიციატივა აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს _ 1%-ს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენს ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის ადგილი არის ცოტა, ამიტომ სიღარიბის დაძლევა ამ ბიზნესის წახალისებით უნდა მოხდეს. მართალია, ამ რეფორმით სიღარიბე სრულად ვერ დამარცხდება, მაგრამ აქცენტი გაკეთდება რეგიონულ განვითარებაზე, წინასწარი გადახდების სისტემა გაუქმდება, ბუღალტერია მაქსიმალურად ჩამოშორდება ბიზნესს.
ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის მეტ გამჭვირვალობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს.
შეხვედრაზე მეწარმეებს მიმართა ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში არჩილ თალაკვაძემ.
„ეს ინიციატივა არის ახალი ჟანგბადი მათთვის, ვისაც მცირე ბიზნესის შექმნა სურს. ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანია ეკონომიკის განვითარება და სასტარტო კაპიტალზე ხელმისაწვდომობა. თითქმის ყველა შეხვედრის დროს საუბრობენ ერთსა და იმავეზე, სასტარტო კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე. ბანკებმა უნდა დასწიონ საპროცენტო განაკვეთი. საჭიროა, რომ ეკონომიკა გახდეს უფრო ინკლუზიური, _ თქვა მან.
დასასრულ, მინისტრმა მეწარმეთა კითხვებს უპასუხა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა, კმაყოფილება გამოხატეს ახალი საგადასახადო ინიციატივის გამო და აღნიშნეს, რომ როგორც არასდროს, ისე სჯერათ ამ ინიციატივის მოსმენის შემდეგ.